გიორგი კანდელაკი: მოვუწოდებ მთავრობას, რეგულაციებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან

გიორგი კანდელაკი: მოვუწოდებ მთავრობას, რეგულაციებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან

საჰაერო მიმოსვლის გახსნა სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ უნდა გააფართოვოს ქვეყნების ჩამონათვალი, ვისთანაც საქართველო საზღვრებს ხსნის.

„გაიხსნას რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის 5 სახელმწიფოსთან ეს სწორედ ისაა, რისკენაც დიდი ხანია ჩვენ მთავრობას მოვუწოდებდით. მაგრამ ამავე დროს ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი. უამრავ ადამიანს, ბიზნესს უკვე მიადგა ძალიან სერიოზული ზარალი ამ გაურკვევლობის და იმის გამო, რომ ბოლო დღეებში მთავრობამ შექმნა მოლოდინი, რომ ფრენები საერთო არ გაიხსნებოდა. გუშინაც კი გვესმოდა გაჯიქებული განცხადებები მთავრობის მხრიდან, ამის მიუხედავად სწორია გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. ზარალი რომელიც უკვე მიიღო ტურისტულმა სექტორმა ამ გაურკვევლობის გამო არის მნიშვნელოვანი, ამავე დროს გაურკვეველია რატომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს გაიარონ 14-დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოებში, რომელთანაც გახსნილი გვაქვს საზღვრები. ეს დისკრიმინაციაა და მოვუწოდებ მთავრობას შეცვალონ ეს გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ მთავრობას, რომ გააფართოვოს ქვეყნების ჩამონათვალი, ვისთანაც ვხსნით საზღვრებს. გაუგებარია, რატომ არაა ამ ჩამონათვალში, მაგალითად, პოლონეთი, რადგან ჩვენი ტურისტული სექტორისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამავე დროს მოვუწოდებ მთავრობას რეგულაციებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან რადგან იქ საქართველოს ბევრი მოქალაქე მუშაობს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის.