დიმიტრი ცქიტიშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები

დიმიტრი ცქიტიშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები

აუცილებელია, ვიმსჯელოთ, რამდენად ადეკვატურია ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების მოქმედების ვადის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებაზე.

„იმედი მაქვს, განხილვებისას საჭიროება უფრო მეტად დასაბუთდება იმიტომ, რომ ჩვენ თავის დროზე, როცა ეს ზომები მივიღეთ, მაშინ იყო გარკვეულად არგუმენტირებული და მხარი დავუჭირე კიდევაც. ახლა გვჭირდება დამატებითი არგუმენტაცია, რატო პირველ იანვრამდე? რა მოლოდინია, როგორ იმუშავა აქამდე მიღებულმა ზომებმა და ხომ არ არის ცალკეულ საკითხებში გადასახედი, მათ შორის, მაგალითად, ჯარიმების ნაწილი, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ მაღალია. იდეა - თუ ეს უკავშირდება პანდემიის შესაძლო გავრცელებას, რა თქმა უნდა, იქნება მისაღები, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება აუცილებელი, ვიმსჯელოთ, თუ რამდენად ადეკვატურია და თანაზომადია ის ზომები, რომლებზეც ახლა მიდის საუბარი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.

დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.