ის "სანამ ჩვენამდე მოვიდა, ძალიან ბევრი იარა"... რუსეთი-საქართველო-რუსეთი - ასეთი გახლდათ სამშობლოში რამდენიმე დღით ჩამოსული თემურ თათარაშვილის მარშრუტი. 18 დეკემბერს ფილარმონიაში, ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგა და ასე მოეფერა მონატრებულ ხალხს. თუმცა მანამდე, ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: იყო სკანდალური ისტორია ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ციხეში გატარებული 16 თვე, ექვსწლიანი განშორება ოჯახთან და არაერთი გულისტკენა, რომელიც ორად გაყოფილი საზოგადოებისა და მოღალატედ შერაცხვის მიუხედავად, მსმენელის სიყვარულმა და ნოსტალგიამ გადაფარა. "ჩემი მეგობრები სცენაზე, სიმღერებით მეფერებოდნენ", - ასე შეაფასა საკუთარი კონცერტი თემურ თათარაშვილმა, რომელმაც "ვერსიასთან" საუბარი პატრიარქთან შეხვედრით დაიწყო:
- უბედნიერესი ადამიანი ვარ, პატრიარქთან შეხვედრის საშუალება რომ მომეცა. საათზე მეტხანს ვიყავი მასთან. ვისაუბრეთ, მთხოვა მემღერა და ძალიან ავღელდი, დავიბენი იმიტომ, რომ დიდი ხანია, ფორტეპიანოზე არ დამიკრავს, თუმცა უარს როგორ ვეტყოდი? ვიმღერე, დამლოცა და ბოლოს მითხრა - აუცილებლად უნდა დაბრუნდე საქართველოშიო.
აპირებთ დაბრუნებას? მით უმეტეს, რუსეთში უკეთეს ცხოვრებას მიეჩვიეთ. არ გაგიჭირდებათ იმ ყველაფრის დათმობა?
- მინდა, რომ აქ უკეთესი ცხოვრება იყოს, ვიდრე - იქ. საქართველოა ჩემი სამშობლო და არა - რუსეთი. აქ ჩემი შვილი, შვილიშვილი, მეუღლე, დედა... ჩემი ოჯახი ცხოვრობს და მეც მათთან ერთად ცხოვრება მინდა. აქამდე, "სკაიპით" ვკონტაქტობდით და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩამოსვლის საშუალება მომეცა. როგორც იქნა, ჩემი შვილიშვილი გავიცანი, რომელიც ხან ბაბუას მეძახის და ხან - თემურს... თუ ხასიათზეა, მეფერება, თუ არა - ახლოსაც არ მიკარებს... ძალიან საყვარელი ვინმეა.
აქამდე ვინ გიშლიდათ საქართველოში ჩამოსვლას?
- არ გვიშვებდნენ აქ და რა უნდა გვექნა? გამაგებინეთ, სოსო პავლიაშვილი თავისიანებს რატომ უნდა ხვდებოდეს ერევანში? სხვათა შორის, "ფეისბუქზე" ჩემს უახლოეს მეგობრად რომ მივიჩნევდი, იმ ადამიანს დაუწერია - გამაგებინეთ, ვინ ბლოკავდა თათარაშვილს, სულ გაუფრენია ამ ბიჭსო...
ისიც ითქვა, თათარაშვილს "კონცერტზე იაღლიში მოუვიდაო"...
- დაიწერა. არ უარვყოფ... საქმე ის გახლავთ, რომ რატომღაც მეგონა, ემოციურად მზად ვიყავი ამ კონცერტისთვის, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. პირველი სიმღერა ვერ ვიმღერე, მეორეზე ცრემლი წამომივიდა და მეგონა, რომ კონცერტს ვეღარ გავაგრძელებდი. დრო დამჭირდა, რომ თავი ამეყვანა ხელში. საერთოდ ამერია პროგრამა, ყველა ლამის გავაგიჟე. კიდევ კარგი, მომღერლები კულისებში იდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კონცერტს კარგად ჩაევლო.
ამდენწლიანი განშორების შემდეგ, როგორი დაგხვდათ თბილისი?
- სხვანაირია ქართველი ერი... რაც შეეხება ქალაქს, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ახალ გზებზე დავიკარგე. მარჯანიშვილზე მივდიოდი და ვაკეში აღმოვჩნდი.
სამაგიეროდ, მოსკოვში არ "იკარგებით", არა?
- იქ ექვსი წელია ვცხოვრობ. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილებში, ვმღეროდი რესტორნებში... თავიდან ძალიან გამიჭირდა. რომ არა ჩემი მეგობრები, ალბათ ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი.
ახლა რას საქმიანობთ?
- ახლა, ერთ-ერთი უდიდესი რესტორნის გენერალური დირექტორი ვარ. იცით, ამას წინათ, ერთმა მეგობარმა, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობს, მომწერა, ძალიან მენანები, კაფეში რომ მღერიო... ხმა არ ამომიღია, ისე გავუგზავნე ამ რესტორნის სურათები და ვუთხარი, ეს თუ კაფეა, მაშინ რესტორანი რაღაც ჰქვია-მეთქი. იმის ბრალიც არაა, ასე მიწერეს თბილისიდან, თათარაშვილი კაფე "ხინკალნაიაში" მღერისო. არადა, ეს უბრალოდ, კაფეების ქსელია, რომელსაც ორი უდიდესი რესტორანი აქვს და ერთი მათგანის გენდირექტორი ვარ. ისე, ჩემი მეგობრები იცინიან, ასეთ ფეშენებელურ რესტორანს, "ხინკალნაია" რომ ჰქვია.
ალბათ, ამიტომაც ამბობდნენ, თათარაშვილს აქეთ გამოხედვაც არ უნდაო...
- რას ჰქვია, "გამოხედვა არ მინდა"? ესაა ჩემი სამშობლო. აგვისტოს ომის დროს, რუსეთში მყოფი ყველა ქართველი საშინელ დღეში ვიყავით. ინფორმაცია ნაკლებად გვქონდა და ლამის გავგიჟდით. თუნდაც ახლა, ჩემს კონცერტზე, ქართველი მსმენელის წინაშე რომ გამოვედი, ცრემლებმა დამახრჩო. ასე რომ, მოსკოვში სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ. ბოროტმა ენებმა კი, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. კი, ბატონო, დაწერონ, რომ "იაღლიში მომივიდა", არაა პრობლემა. მე ნამდვილად არ ვარ ის მომღერალი, რომელიც პლუსზე მღერის. ჩემს კონცერტზე ყველაფერი ბუნებრივი იყო და არა - ყალბი. ახლა რაც უნდათ, ის დაწერონ...
თუნდაც ის, რომ თემურ თათარაშვილი მოღალატეა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო?
- მე მოღალატედ გამომაცხადეს ჩემმა კოლეგებმა. ასე ჰქვიათ, თორემ მათ კოლეგებად ნამდვილად არ მივიჩნევ. ასე რომ ვიფიქრო, ჯერ მომღერლებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ჩემ მეგობრებს არაერთი ასეთი ბოროტი ადამიანის მოგერიება მოუწიათ. ახლა არ დავაკონკრეტებ, ვისზე მაქვს საუბარი. გამგები გაიგებს.
პირადად, რა მოიმოქმედეთ მათ დასაშოშმინებლად?
- არაფერი. ენას ძვალი არ აქვს. რა უნდა გამეკეთებინა? მოქალაქეობა რომ მივიღე, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. თუ მოქალაქე არ ხარ, ვერაფერს გააკეთებ. ვერ იმუშავებ, საჭესაც კი ვერ მართავ, ამიტომ გავხდი იძულებული, ეს ნაბიჯი გადამედგა. სხვათა შორის, როცა ჟურნალისტები ჩემთან კომენტარისთვის მოვიდნენ, მათაც იგივე ვუთხარი და ჩემი გეგმების შესახებაც ვესაუბრე - რომ ვაპირებდი პრეზიდენტისთვის მიმემართა, რათა ორმაგი მოქალაქეობა მიმეღო. ტელევიზიით კი, რადიკალურად განსხვავებული სიუჟეტი გავიდა. მთელი აქცენტი ჩემს ხელებზე იყო გადატანილი, ვერ გავიგე, რა აინტერესებდათ... ალბათ ის, "ვკაიფობდი" თუ არა. არადა, მაქსიმალურად მშვიდობიანი კომენტარი გავაკეთე იმიტომ, რომ აღარ მინდოდა ომი. არც არასდროს მიომია ვინმესთან.
შესაძლოა, არ გიომიათ, მაგრამ თქვენმა დაპატიმრებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
- სწორედ იმიტომ არ ჩამოვდიოდი საქართველოში, რომ კიდევ რამე არ მომხდარიყო.
მოგეხსენებათ, ციხეში 16 თვე ვიჯექი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბევრი მეგობარი დავკარგე. ცოტა გასაკვირია, მაგრამ გოგონები, ჩემი კოლეგები უფრო დამიდგნენ გვერდში და მთელი ის პერიოდი, ერთი დღეც არ მიუტოვებივარ. რაც შეეხება ბიჭებს, ყველა დაიკარგა, სოსო პავლიაშვილის გარდა... და კიდევ ერთი - ციხიდან რომ გამოვედი, დამირეკა დათო გომართელმა და მითხრა: კვირაში ერთხელ ჩემს კლუბში უნდა იმღეროო. ამის გამო, ძალიან მადლიერი ვარ მისი.
პატიმრობის 16 თვე ადვილი ასატანი არ არის...
- ძალიან ცუდია ციხე... სხვათა შორის, ციხის კადრები რომ გავრცელდა, იქ რამდენიმე ადამიანი ვიცანი და ძალიან გამიკვირდა, ასე რომ ექცეოდნენ პატიმრებს. ალბათ, ვიღაცის ბრძანებას ასრულებდნენ. მე არავის ვუცემივარ. სოდ-შიც კი მსგავსი არაფერი მომხდარა, თუმცა საკმაოდ ბევრი მუქარის მოსმენამ მომიწია - დანაშაული აღიარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს შვილს ჩანთაში და შენს ცოლს მანქანაში აღმოაჩნდება ნარკოტიკიო.
ციხეში რომ მიმიყვანეს, ერთ-ერთი ბადრაგი მივიდა ციხის უფროსთან და რაღაც ჩასჩურჩულა. შემდეგ უფროსის კაბინეტში ამიყვანეს, ყავა შემომთავაზეს... მოგვიანებით გავიგე, რომ ახალი პატიმარი უნდა შემოეყვანათ და წესი ჰქონიათ ასეთი - ახალს ყოველთვის სცემენ. მე რომ არ მენახა ეს ყველაფერი, ამიტომ გამარიდეს იქაურობას.
პატიმრებს რაც შეეხება, იქ ძველი ბიჭი, კაი ბიჭი, ცუდი ბიჭი არ არსებობდა, ყველა ძალიან კარგად იყო ჩემ მიმართ განწყობილი, გამოსვლის მომენტი მახსოვს, მთელი ციხე რომ ყვიროდა, თემო გილოცავთო. სხვათა შორის, ვერც ბადრაგებზე ვიტყვი ცუდს და ამიტომ მიჭირს საუბარი... ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ყელის სამკურნალო წამალი არ მქონდა, ამიტომაც დავკარგე ხმა და ოპერაცია დამჭირდა. სხვა მხრივ, კი, რა გითხრათ... ძალიან გამიჭირდა იქაურ სიტუაციასტან შეგუება, ერთი თვე, ფაქტობრივად, საჭმელი არ მიჭამია. მახსოვს, ერთხელ ბადრაგმა ჩაილაპარაკა - რას დამსგავსებიაო...
ფიქრობთ, დაუმსახურებლად იხდიდით სასჯელს?
- იმ დილას, სანამ დამიჭერდნენ, 11-12 საათისთვის კანცელარიიდან დამირეკეს და მითხრეს, რიყეზე რთველია, შენ, ოლიმპიელებმა და მიხელ სააკაშვილმა დიდ საწნახელში ყურძენი უნდა დაწუროთ და ამიტომ, სამ საათზე უნდა მოხვიდეო. უარი ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე...
უარი რატომ თქვით?
- ... არ მინდოდა. მე არასოდეს გავხდებოდი ვიღაცის კარის მომღერალი. სამ საათზე არ მივედი და 4-ს თხუთმეტი წუთი აკლდა, რომ დამაკავეს. ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ჩემთან რომ შემოვიდა, ასეთი რამ მითხრა - შენ რომ დაგაკავეს, ადეიშვილის კაბინეტში ვიჯექი. დაურეკეს და მოახსენეს, რომ დაპატიმრებული ხარო. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. გენპროკურორს, ჩვეულებრივი მომღერლის დაკავებას არ მოახსენებდნენ. ამის შემდეგ, ყავლაშვილმა მითხრა: არაფერი გეშველება, ადეიშვილის მაგიდაზე დევს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ამბობ, რომ მიშას გვერდით არ დადგები და ამიტომ ბრალის საკუთარ თავზე აღება მოგიწევსო.
მანამდე არასოდეს დაგიფიქსირებიათ თქვენი პოზიცია?
- პოლიტიკიდან ყოველთვის შორს ვიყავი. ერთადერთხელ მივედი "ვარდების რევოლუციის" აქციაზე, ხალხს მოვულოცე გიორგობა და ვუთხარი, მიხარია, ყველაფერი ასე მშვიდობიანად რომ მიმდინარეობს-მეთქი... სულ ეს იყო, თორემ პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულვარ, არ ვიცი, რა არის პოლიტიკა და არც მინდა, ვიცოდე.
არავის კარის მომღერალი არ გავხდებიო. რა იგულისხმეთ?
- რა და, ვინც მათიანი იყო, იმ მომღერლებს უდიდესი "სტავკები" ჰქონდათ, სხვები კი მშივრები იყვნენ. ციხიდან რომ გამოვედი, კახუჩელამ ასეთი რამ მითხრა - ჩვენ სადაც მოგვინდება, იქ იმღერებო... სწორედ ამიტომ წავედი მოსკოვში. კახუჩელას გადასაწყვეტი არ უნდა ყოფილიყო, სად ემღერა თემურ თათარაშვილს და სად - არა. ზუსტად ვიცოდი, რომ ვეღარ ვიქნებოდი ის თემური, რადგან ეს "სასტავი" წყვეტდა, ვინ გამოვიდოდა კონცერტზე, ვინ - არა, ვის გადაუხდიდნენ სიმღერაში ხუთი ათას დოლარს და ვის - 100 ლარს. ბოდიში, მაგრამ, ჯერ ჩემამდე მოვიდნენ ეგენი და მერე ითვალონ ფული.
ახლა აღარ გადაწყვეტს "ეს სასტავი", ვინ სად უნდა იმღეროს?
- არა მგონია, ასე იყოს. იმედია, ყველაფერი შეიცვლება. ის დრო უკვე ჩაბარდა წარსულს. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინაა სცენაზე დგომისა და მათი სიყვარულის ღირსი და ვინ - არა. ისინი ვეღარაფერს გადაწყვეტენ, რა. ამისთვის არ უბრძოლია ამდენ ხალხს.
ამ ხალხმა, თავის დროზე, დიდად არ დაიჯერა თქვენი უდანაშაულობა, სხვათა შორის, შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ეთანხმებოდნენ.
- არ სჯეროდა იმას, ვისაც არ უნდოდა ჩემი გარეთ ყოფნა. რა ვქნა, არავისთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებ. აბსოლუტურად გარკვეული მაქვს, ვინაა ჩემი მეგობარი და ვინ - არა... ვისაც არ ვუნდივარ, კარგად იყოს, მე მათი მხოლოდ კარგი გამიხარდება და ცუდი, გულწრფელად მეწყინება იმიტომ, რომ ოდესღაც, ისინი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ. ლელა წურწუმია დღესაც ძალიან მიყვარს, მაგრამ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. რაღაც სულელური ენების გამო, გაუგებრობა მოხდა. ვიღაცას უნდოდა, რომ მე და ლელას გვეჩხუბა და ვიჩხუბეთ... თორემ ციხიდან რომ გამოვედი, სანამ რუსეთში წავიდოდი, გვერდიდან არ მომშორებია. მერე მოხდა რაღაც, ახლაც მიყვარს, მაგრამ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა, რა ვქნა. მან არ მოისურვა, ჩემთვის დაერეკა და თუ დამნაშავე ვიყავი, ეთქვა: ეს რატომ თქვი, შე იდიოტოო? მან პირდაპირ დამკარგა, ვიღაცის ენის გამო, ვიღაცებმა ისეირეს და მორჩა! ამიტომაც ვამბობ, ვისაც ვუნდივარ, ძალიან კარგი, ვისაც არა და, საქმის გარჩევას ნამდვილად არ ვაპირებ, არც მაინტერესებს. მე ვარ ბედნიერი, რომ ჩემი ოჯახი ვნახე, ჩემი შვილიშვილი, მაქვს არაჩვეულებრივი სამსახური, ახლა ბინასაც ვიყიდი და ვისაც უნდა, შეუძლია, გულზე გასკდეს.
სხვათა შორის, მსმენელი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ცოტა იმღერეთ.
- 18 სიმღერა შევასრულე... არაფრით არ შეიძლება, მსმენელი დაღალო. პირიქით, შენი მოსმენის სურვილი უნდა დარჩეს და როდესაც მსმენელთან გულწრფელი ხარ, ის პატარ-პატარა შეცდომებსაც გპატიობს. არც მე დამიმალავს ჩემი ემოციები. რაც სცენაზე ხდებოდა, ყველაფერს ვამბობდი. ბევრი სისულელე ვილაპარაკე. რამდენჯემრე გავიმეორე, რომ დავიბენი...
და მაგიტომაც თქვეს, არცთუ კარგი კონცერტი იყო.
- რა ვქნა ახლა. დაწერონ და თქვან, რაც მოესურვებათ, მე კი ჩემს მსმენელსა და სრულიად საქართველოს, თქვენი გაზეთის საშუალებით, დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ და ვისურვებ, 2013 წელს საქართველო ისეთი ქვეყანა გამხდარიყოს, რომ თუკი სადმე ქართველი ცხოვრობს, ყველა სამშობლოში დაბრუნდეს.