ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს:
"ბევრი დაიწერა, გადათვალეს, გადმოთვალეს, გამონათქვამები გაფცქვნეს, პოლიტიკოსებიანად...
მაინც დავამატებ, უფრო სწორად, გავიმეორებ რასაც ბოლო წლებია ვწერ და ვამბობ.
ჯერ თავად აქციას რაც შეეხება. რას აღნიშნავთ, რის წლისთავს? წლისთავი იყო, თუ პოლიტიკური ქელეხი?
ღონისძიებაში ხომ უნდა იდოს რაღაც შინაარსი, შესაბამუსად სცენარი, მუსიკა უნდა დაუკრათ და იხალისოთ, თუ ოკუპაციაა გააპროტესტოთ?
იმაზე აღარაფერს ვამბობ, თავი მთელ ქვეყანაზე მეტად პატრიოტებად რომ მოგაქვთ.
რიცხოვნობას რაც შეეხება, ამ მთავრობის წინააღმდეგ ეს ერთი "წლისთავი" გქონდათ წამოსაძახებელი და ამაზეც მართლა ერთი წლისთავის ხალხი ძლივს შეკრიბეთ.
წელეთ, წელეთ სიტყვით გამისვლების დაწყება, დისტანციის დაცვის მოტივით, მაგრამ... აქციაზე ვინც მომსვლელია, აქციის დაწყებამდე მოდის...
თქვენს ჩაკეტილ წრეში ხართ, რომლის გაწყვეტის შნო თქვენ არ გაქვთ, რითაც ქვეყანას აზიანებთ.
არც რეალობის შეფასების უნარი გაქვთ. გადახედეთ, ვის ახვევთ თავზე საზოგადოებას? ფსბ-ს დაფინანსებული პარტიის აქტივისტობიდან რუსთაველზე აქციების გამართვის უფლებას აძლევთ თავს. მართლა მომთმენი ერი ვართ, ოღონდ სანამ?!
ახლა რაც შეგეხებათ მთელ პოლიტელიტას.
უკვე მერამდენედ აწყობთ რამდენიმე ათეული პარტია 200-300 კაცს ვერ აგროვებთ?! თან გსურთ, ხალხმა რიცხოვნობას არ მიაქციოს ყურადღება.
ცოტა უკან რომ გადავახვიოთ, 2018 წლის არჩევნების წინ, ერთ-ერთ ტოკ-შოუში ვთქვი, ალბათ ერთ-ერთმა პირველმა "დამღალა 9 და 6 წელმა, პოლიტიკაში ახალი ძალები უნდა მოვიდნენ" მეთქი.
შემდეგი ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე დავწერე ინტერვიუებში, ფეისბუკში, რომ პოლიტიკური სპექტრი თვითმარგინალიზაციის გზაზე დგას. შეგახსენებთ ამ ინტერვიუებს ამ დღეებში.
როცა ასე ვწერდი, არ მოგწონდათ. თქვენი კრიტიკა როგორ შეიძლება? თუმცა, ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეფასებები, შესაძლოა რჩევებიც.
ასევე დაწერილი მაქვს ბევრჯერ, რომ საზოგადოებისთვის უკეთესია, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის ჯანსაღი კონკურენციაა, როცა პოლიტიკური ძალები ქვეყნის განვითარებაზე არიან ორიენტირებული და არა ნეგატივზე, პროცესების რადიკალიზაციაზე.
ბრმა ვერ დაინახავს, რომ მოსახლეობა არ იღებს რადიკალურ სცენარს. თუმცა ხედავდით, თუ გავიხსენებთ მიმოწერებს "რეალობის და ფანტაზიის აღრევის" შესახებ.
ბოლოს იქამდე მიხვედით, იცოდით ჟურნალისტზე თავდასხმის მზადების შესახებ და დამალეთ.
ჰოდა, ესაა "რეალობის და ფანტაზიის აღრევის" შედეგი.
ქართულ ოცნებას ოდესმე მოუწევს ოპოზიციაში წასვლა. სანამ ეს სტატუსქვო იქნება, დიდხანს მოუწევთ ხელისუფლებაში ყოფნა.
პრინციპში, ოპოზიციური პარტიებიც ფუფუნებაში არიან. რა ენაღვლებათ, იციან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა პარლამენტში შედიან, დაფინანსებას იღებენ...
ხალხი რას იღებს, ნერვების შლას?
სანამ პოლიტიკური პარტიები არჩრვნებზე სერიოზულ დარტყმას არ მიიღებენ, მანამდე ვერ მივლენ იმ ეტაპამდე, რათა თვითგანახლება დაიწყონ.
სად გინახავთ, რომელ წარმატებულ ქვეყანაში, რომ პარტიები აგებდნენ ორ საპარლამენტო, ორ საპრეზიდენტო, ადგილობრივ, შუალედურ და ყველანაირ არჩევნებს და არ იცვლებოდნენ ლიდერები?
ასეთ მაგალითს წარმატებულ ქვეყნებში ვერ დამისახელებთ, გარდა შემთხვევებისა, როცა პარტიებს, რომლებმაც შესაძლოა არჩევნები წააგეს, არჩევნებიდან არჩევნებამდე ზრდის ტენდენცია აქვთ.
ეჭვი მეპარება რომ ეს წერილი შეისმინოს პარტიებმა... გააგრძელებენ "რეალობის და ფანტაზიების აღრევას".“