„ნაციონალური მოძრაობა„ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევას, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ხელისუფლება ერევა სასამართლო პროცესებში და ეს ყველამ იცის.
„გიორგი რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, დამნაშავეც რომ ყოფილიყო, წინასწარი პატიმრობა არ არის გამოსაყენებელი. ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშულოდ გამოაცხადონ?! - შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, თორემ სალომე ზურაბიშვილმა რომ გიორგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი ნებით არ გაათავისუფლა...
იმედს ვიქონიებ, რომ შეთანხმების ორივე მხარე ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში და ხმა მივცეთ. ჩვენ ვიცავდით ჩვენს პრინციპებს, რომ მხოლოდ შეთანხმების მთლიანი შესრულება მოგვცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიგვეღო კენჭისყრაში. ამავე დროს, პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს მორიგი ტრიუკებისგან და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ არ მისცეს საშუალება, მოეტყუებინა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობდა.
სხდომაზე იყვნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მათი მონაწილეობა იმაზე იქნება დამოკიდებული, გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.