არჩილ თალაკვაძე: ესაა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

არჩილ თალაკვაძე: ესაა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

ესაა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატარა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„იმედი მაქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ ჩვენ ეს საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოში გავაძლიეროთ დემოკრატია, გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება და შევქმნათ კიდევ უფრო სტაბილური, შედეგზე კიდევ უფრო ორიენტირებული სისტემა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, - წერია კანონპროექტში.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.