აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნოემბერში პრეზიდენტად ჯო ბაიდენი იქნება არჩეული, ქვეყნის სათავეში ამაოხრებლები მოვლენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქ ტალსაში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
„თუ ბაიდენს აირჩევენ, ის ჩვენს ქვეყანას ყაჩაღებს ჩააბარებს. თუ დემოკრატები ხელისუფლებას მოიპოვებენ, მაშინ ქვეყნის სათავეში ამაოხრებლები ჩადგებიან. არავინ იქნება დაცული. არავის ექნება კონტროლი. ჯო ბაიდენი არ არის თავისი პარტიის ლიდერი. ჯო ბაიდენი რადიკალური მემარცხენეების უნიათო მარიონეტია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლა რადიკალურ მემარცხენეებს გაათამამებს და ისინი შეეცდებიან ფართომასშტაბიანი დარტყმა მიიტანონ ამერიკული ცხოვრების წესზე.
„ნახეთ, თუ რა ხდება, როდესაც მათ არ ეთანხმებით. რასისტს გეძახიან, საშინელ ადამიანს გეძახიან. მათ რელიგიური თავისუფლებების განადგურება სურთ. მათ რელიგია არ სურთ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.