მე სიმბოლურად პირბადეში ვარ, ხელისუფლებამ კი ჩამოიხსნა ბოლო ნიღაბი და დავრწმუნდით მის არაპატრიოტულ სახეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრმა რამემ გაიარა ჩვენ თვალწინ, მათ შორის, ამ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამსახურებით. ხელისუფლებამ ჩამოიხადა ბოლო ნიღაბი. მე პირბადეში ვარ სიმბოლურად, მათ ჩამოიხადეს ბოლო ნიღაბი. დავრწმუნდით მათ არაპატრიოტულ სახეში. დავრწმუნდით, რომ არის ძალიან დიდი რისკი, დაგვაბრუნონ რუსეთის ორბიტაზე.
დავრწმუნდით, რომ ქვეყანას არ აქვს შანსი, ამოვიდეს ამ მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ჩვენ და ამომრჩეველი დაგვარწმუნა კიდევ იმაში, რომ მომავალში არავის ეპატიება ძალაუფლების უზურპაცია, რომ ქვეყანა უნდა მართოს ხელისუფლებამ, რომელიც მოემსახურება ხალხს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე დამთავრდება იმ შედეგით, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია იმართება „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“.
20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.
20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.