თბილისის მერიის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სასმელი წყალი მიუტანეს

თბილისის მერიის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სასმელი წყალი მიუტანეს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქციის მონაწილეებისთვის თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სასმელი წყალი მიიტანა.

აქცია რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ამ დროისათვის პარლამენტთან შეკრებილი არიან მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა შორის დისტანციის დასაცავად ორგანიზატორებმა სპეციალური სტიკერები დააკრეს, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტია გამოსახული. შესაბამისად, მონაწილეებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებაზე მოუწევთ დგომა. სტიკერები ყოველ 2 მეტრშია გაკრული.

გასული წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.