გიგა ბოკერია: იმ ხალხმა, ვინც 20 ივნისს და შემდეგ დღეებშიც აქ იკრიბებოდა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება გარე მტერზე, რომელსაც ჩვენი უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა

გიგა ბოკერია: იმ ხალხმა, ვინც 20 ივნისს და შემდეგ დღეებშიც აქ იკრიბებოდა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება გარე მტერზე, რომელსაც ჩვენი უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა

იმ ხალხმა, ვინც 20 ივნისს და შემდეგ დღეებშიც აქ იკრიბებოდა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება ჩვენს გარე მტერზე, რომელსაც ჩვენი შიდა უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტის წინ განუცხადა, სადაც აქცია იწყება. მისი თქმით, გასული წლის 20 ივნისს საზოგადოებამ რუსეთის მთელ კამპანიას ისეთი პასუხი გასცა, რომ ეს პუტინის პროპაგანდის უზარმაზარი მარცხი იყო.

„ევროპული საქართველოს“ გაფრთხილების მუხედავად გავრილოვი საქართველოში შემოუშვეს, მერე თავზე დაასვეს ქვეყანას, მერე ძალა იხმარეს და ახალგაზრდებმა თვალები დაკარგეს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირი პრემიერი გახდა, ხოლო მეორე პირი დღესაც ივანიშვილის მთავარი სპიკერია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ანგარიშვალდებულების პრინციპის დათქმის და შესრულების ამოცანა საზოგადოებას არ გვაქვს მიღწეული, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც იმ დღეს და შემდეგ დღეებშიც აქ იკრიბებოდა, მოიპოვა უდიდესი გამარჯვება ჩვენს გარე მტერზე, რომელსაც ჩვენი შიდა უგუნური და მავნებლური მთავრობა ეხმარებოდა. ეს გარე მტერი არის პუტინის რუსეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. მაშინ საზოგადოებამ მთელ მათ კამპანიას - ჩვენი დაყოფის, სიძულვილის თესვის, რაღაც მითების მოგონების - გასცა ისეთი პასუხი, რომ ეს იყო პუტინის პროპაგანდის, ამ პროპაგანდის მხარდამჭერებისა და იმ მთავრობის უზარმაზარი მარცხი, რომელიც ამას ხელს უწყობდა თავისი სამარცხვინო ნაბიჯებით,“ - განაცხადა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე გამოეხმაურა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რევანშისტების გეგმების ჩასაშლელად“. ბოკერიას თქმით, სერგეი გავრილოვი ყველაფერ იმას განასახიერებს, რა იდეებითაც ვლადიმერ პუტინი საქართველოს ებრძვის.

„გავრილოვი იმის ერთ-ერთი სიმბოლოა, რატომ არის რუსეთი საფრთხე მთელი თავისუფალი სამყაროსთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის. ის სიმბოლოა ცინიზმის, ისტორიის უბნელესი მონაკვეთების გაიდეალების, კომუნიზმის, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა, ეს არის კაცი, რომელიც სადამ ჰუსეინის მრჩეველი იყო და ახლა საქართველოს და უკრაინის დაქუცმაცების ერთ-ერთი იდეოლოგია, ის აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს იყო. ის ყველაფერ იმას განასახიერებს, რა იდეებითაც გვებრძვის პუტინის რეჟიმი. ამიტომ მისი მხრიდან ეს უტიფარი განცხადება შეხსენებაა ყველასთვის, ვისაც კი ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება რატომ უნდა მოვშორდეთ ამ ბოროტების იმპერიის შთამომავლებს, რომ თავისუფლება, კეთილდღეობა და ბედნიერებისკენ სწრაფვა შეუთავსებელია პუტინის რუსეთთან და „გავრილოვებთან“, - განაცხადა ბოკერიამ.