გია ხუხაშვილი: „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა

გია ხუხაშვილი: „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა

ექსპერტი გია ხუხაშვილი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას „სახელმწიფოებრივად სწორს“ უწოდებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საკონსტიტუციო პროცესი არაფერმა უნდა შეაფერხოს.

„ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რამდენად პრინციპულია რაღაც პირობების შესრულება, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ამან არ უნდა შეაფერხოს. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზის ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ნორმალური და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური დანაკარგები არ განიცადოს იმის გამო, რომ ახლა რაღაცას ცვლიან, ველოდები რურუას შესაბამის განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს ოპოზიციას, მე მგონი, შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გაუადვილებს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება,“ევროპული საქართველოს“ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ექსპერტი ამ ტაქტიკაში შეცდომას ვერ ხედავს.

„აქ უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. მათ გარკვეული მანევრის საშუალება აიღეს და გარკვეულწილად დრო მოიგეს. ის სირთულე, რის წინაშეც დგანან, გასაგებია. მოხსნა ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა, ეს თითქოს მორალურად არც თუ სწორი ნაბიჯი იქნება, მეორე მხრივ, რომ არ მოხსნან რურუას გათავისუფლების მოთხოვნა, სახელმწიფოებრივ განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემა იქმნება, რაც ამომრჩეველმა აგრეთვე შეიძლება ცუდად გაიგოს. როდესაც შენ შუალედურ გადაწყვეტილებას იღებ, ანუ ამბობ, რომ პროცესში შედიხარ, მაგრამ დასრულებამდე შეიძლება კიდევ გამოეთიშო, ამით თითქოს გარკვეულ ვადას აძლევ ხელისუფლებას, რომ შეთანხმების ეს ბოლო პუნქტიც შეასრულოს. ასე რომ, ვფიქრობ, პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, შესაძლებელია და მე ამ ტაქტიკაში შეცდომას ვერ ვხედავ“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება შეცვალა და პარტია საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.