სერგეი გავრილოვი 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

სერგეი გავრილოვი 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის მიერ ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასაც მოჰყვა, 20 ივნისის მოვლენები, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. გავრილოვის თქმით, აქცია რუსოფობიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა ამ მოვლენების მიუხედავად რუსეთი საქართველომ მაინც უნდა ითანამშრომლოს. სერგეი გავრილოვი ვიდეომიმართვაში აქცენტს ერთმორწმუნეობაზე და საქართველო-რუსეთის საბჭოთადროინდელ ერთობლივ ისტორიაზე აკეთებს.

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამანაშავე პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ," - აცხადებს გავრილოვი.

გავრილოვის თქმით, ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას განვითარებული მოვლენების შესაბამისი შეფასება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გავრილოვი აცხადებს, მას კარგად ახსოვს მობოდიშება და თბილი სიტყვები უბრალო ადამიანებისგან, ბევრი დეპუტატისგან, ბიზნესისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან და ასევე სასულიერო პირებისგანაც.

"ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯის გადადგმა, რათა ჩვენი ძმობისა და სოლიდარობის გამოხატვა არა კულუარულად და დაფარულად, არამედ ღიად ხდებოდეს. სიმამაცე, რომელიც თან სდევს ქართველ ხალხს, არ უნდა აკლდეს მათ პოლიტიკოსებს. მე მწამს ჩვენი მომავლის, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან სტუმრად მისვლას, ჩვენი "დინამოების" გულშემატკივრობას, ერთად ტრაპეზის მიღებასა და ერთად ლოცვას, ჩვენი საერთო მომავლის აშენებას, ერთად ვუზრუნველყოფთ საფრთხეებისგან დაცვას პანდემიიდან დაწყებული ტერორიზმამდე," - აცხადებს გავრილოვი.

ოკუპანტი ქვეყანის დეპუტატი საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობაში აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნების "ძმური" თანაცხოვრებისთვის საჭიროა საქართველომ ოკეანისმიღმიდან თავსმოხვეულ ფობიებს და მტრულ შტამპებს დააღწიოს თავი.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართებოდა დიდი პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიზეზი სხდომის წამყვანი რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გახდა, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. პარლამენტში განვითარებულმა პროცესებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ღამით ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. ხელისუფლების განცხადებით, აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლის მიზეზი, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი პარლამენტის შტურმი გახდა.

Katana . resonancedaily.com:
"აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლის მიზეზი, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი (Sic!) პარლამენტის შტურმი გახდა."
?
რას ჰქვია "მოსალოდნელი"?
აბა, 2 საათის განმავლობაში რაც ხდებოდა პარლამენტის შესასვლელთან, ის შტურმი არ იყო, სხვა რამე იყო?
"მოსალოდნელი შტურმისაგან" დაშავდა ამდენი სამართალდამცავი?!

(ვააჰ, არაფრით არ შეუძლიათ, ბოლოს მაინც ტყუილი არ მოაყარონ, პილპილივით!).
5 წლის უკან