დავით ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ოლქში დაასახელებს თავის კანდიდატს, ჩვენ - დანარჩენი პარტიები ვთავაზობთ დამატებით 4 ოლქში კანდიდატს

დავით ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ოლქში დაასახელებს თავის კანდიდატს, ჩვენ - დანარჩენი პარტიები ვთავაზობთ დამატებით 4 ოლქში კანდიდატს

ოპოზიცია „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება, სადაც მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება იგეგმება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 4 ოლქში კანდიდატურებს შესთავაზებენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ორი ადგილი ექნება და ისინი დღეს დაასახელებენ კანდიდატებს. არანაირი შეუთავსებლობა აქ არ არის - ისინი ორ ოლქში ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს. ჩვენ - დანარჩენი პარტიები კონსულტაციების შედეგად ვთავაზობთ დამატებით 4 ოლქში კანდიდატს და ვთავაზობთ, რომ ორი ოლქი დარჩეს ღია, რათა გაგრძელდეს პოლიტიკური კონსულტაციები.

„ერთიან ოპოზიციურ ფორმატს შემდეგ კანდიდატებს შევთავაზებთ. ვაკეში - ელენე ხოშტარია; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ისანში - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი. რატომ ოთხი კანდიდატი და არა ექვსი - ჩვენი მიზანია, რომ ამომრჩეველს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს თბილისში, რათა გამოჩნდეს, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ არიან პარტიული ნიშნით შერჩეულები და ეს არის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ერთიანობა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი გუშინ აცხადებდა, რომ თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.

მმართველ გუნდში ოპონენტებს კონკურენტებად არ აღიქვამენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ისინი მარგინალური ჯგუფები არიან და პოლიტიკური მომავალი იმ ფორმით, როგორც წარმოუდგენიათ, არ გააჩნიათ.

„ლელო“ კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად გეგმავს.