მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან, ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა.

ამასთან, მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 58 დაინფიცირებული პაციენტიდან მძიმე და პრობლემური არც ერთის მდგომარეობა არაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებიდან რამდენიმეს აქვს პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა კეთილსაიმედოა.

„ჩვენ სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემების შედეგებს ველოდებოდით და მიღებული შედეგებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. ეს პაციენტები აღარ არიან მძიმე პაციენტები. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ 58 პაციენტიდან პრობლემური და მძიმე ავადმყოფი არ გვყავს. გვყავს პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც პნევმონიის გამო ამ ეტაპზე მძიმედ ჩაითვლება, თუმცა მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა. არასრულწლოვანი ორი გვყავს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაინფიცირებულებს.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია დადასტურებული პაციენტების რაოდენობასთან შედარებით. ამ ეტაპზე 150 პციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. სამჯერ ნაკლებია მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.