პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას.

მისი თქმით, „დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, მთავრობა აპირებს არამხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, სადაც კრიზისის შედეგებიც ძალიან კარგად გვახსოვს“.

„ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.

მისივე თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 000 ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში.

„ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%.

ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ იმ სესხებს, რომელიც ნაკლებია 200 000 ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება.

მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ. გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებს.