ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ პრეპარატი „პლაქვენილი“, შფოთვის საფუძველი არ აქვთ. ამის შესახებ იმუნოლოგმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რევმატოლოგიური დაავადებების დროს, „პლაქვენილს“ პაციენტები წლობით სვამენ.
„როცა ვუყურებ ჰარვარდის პროტოკოლს, როცა ვუყურებ ამერიკის და გერმანიის პროტოკოლებს, იქ არის 5-დან 10 დღემდე, მეტი ხანგრძლივობით ამ პაციენტებს ეს არ ეძლეოდათ. ამიტომ, არავითარი რისკი, გრძელვადიანი დამაზიანებელი ჰიდროქსიქლოროქინს არ ექნება, ეს ხალხი უნდა იყოს მშვიდად, რა თქმა უნდა. მაგრამ ბუნებრივია, როგორც მოვისმინეთ, აღარ იქნება ამ პრეპარატის მიმართებით ასეთი დამოკიდებულება, ის ჩანაცვლდება, სანამ არ დაზუსტდება“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პლაქვენილი“ კორონავირუსის მასშტაბური კვლევიდან დროებით ამოიღო.
საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.