პრემიერი: მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს

პრემიერი: მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს

ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს“ დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აქსის თაუერსში“, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა „აქსის თაუერში“ ხდება, რომლის მშენებლობაც 2008 წელს დაიწყო.

„სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებმაც გაუძლეს მაშინდელ კრიზისს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე, ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო ფონდ „ქართუს“ დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი სისტემური პროექტი არ გაჩერებულა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქვით, სახელმწიფო პასუხისმგებელია იმ კომპანიების და მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც 2008 წლის კრიზისი გამოიარეს.