ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი აგრძელებს

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი აგრძელებს

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა სოლოღავშილმა განუცხადა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„სულ დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით არის 32 პაციენტი, აქედან 11 ბავშვია. გუშინდელი დღიდან სიახლე არ გვაქვს. არც გამოჯანმრთელებაა და არც ახალი დადასტურებული პაციენტი. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, გრძელდება გამოკვლევები და მკურნალობა. ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია. საბედნიეროდ, ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობს ყოველთვის მსუბუქად. გამოხატული იყო უმრავლესობაში პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი“, - განმარტა სოლოღაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში დაფიქსირებული ყველაზე ხანგრძლივი მკურნალობის მაჩვენებელი 42-43 დღეს შეადგენს, თუმცა შესაძლოა, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს, რადგან არსებული 32 პაციენტიდან რამდენიმე უკვე საკმაოდ დიდი ხანია მკურნალობს.

ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.