"შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში... სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?.. ვახ, ჩემი“ - პრემიერის სახალისო რეპლიკები პარლამენტში

ოპოზიციის მხრიდან დასმულ კითხვებზე, პანდემიის პირობებში სხვადასხვა კომპანიების საქმიანობასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგეგებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვრცელი პასუხი გასცა, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

„...მაგალითად, ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ ვინც იქ მუშაობდა, ისევ ემუშავათ და გარედან არ შეგვეტანა ეს ინფექცია. არ გაჩერებულა, ასევე, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე რიკოთის პროექტი ერთი დღით არ გაჩერებულა, უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით. გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობასთან, თვითონ მოვიდნენ - მაგალითად, ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება. ზოგიერთ კომპანიას კი არც ჰქონდა მონაწილეობის სურვილი - თქვა, რომ მე ამ პირობებში ახლა ხვალ, სწრაფად, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირსო, ერთი თვე დაველოდები და მერეო. აი, ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი დროში ისე ხდებოდა, რომ რა კორუფცია, ხალხნო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაც ისაქნა, მაგრამ რა კორუფცია?"

პრემიერის ბოლო ფრაზას ოპოზიციის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა - „ქართულ ჯიგრულ პონტში" რას ნიშნავსო? რაზეც პრემიერმა ასე უპასუხა:

„ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?.. ვახ, ჩემი..."