არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა და ეს 2 000-ზე მეტ მძღოლს ნიშნავს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა ხარვეზების გარეშე არ გამოვიდა და ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების ინფექციის შემდგომი განვითარების, ბოლო ზუგდიდში იყო. მაგრამ ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.