გიორგი გახარიამ განმარტა რა პროგნოზს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ

გიორგი გახარიამ განმარტა რა პროგნოზს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ

პრემიერ-მინისტრმა განმარტა რა პროგნოზს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებული სტატისტიკა ყველა პროგნოზზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

„გაჩნდა 3 მოდელი, რომელზეც დაყრდნობით მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი..

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.