ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე

მსურს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენს ერთიანობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას.

„ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ნატო-ს მხარდაჭერას და მათ თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. ჩვენი საამაყო სამხედროები, რომლებიც დღეს იბრძვიან სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, არიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და მათი სამაგალითო პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენს მთელს მსოფლიოში. მე მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.