მეორე ტალღა როდის და რა სიმძლავრის იქნება არავინ იცის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ის, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში ან ერთი წლის შემდეგ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჩვენ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ჯანდაცვის სისტემამ, უკვე მეტ-ნაკლებად ეს ვირუსი და მისი ბუნება შევისწავლეთ. ამიტომ მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე. მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო რეგიონში და არა მარტო რეგიონში, მთლიანად ევროპაში ერთ-ერთ ყველზე ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანად ითვლება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.