თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტის, რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებით, საქართველოში, ამ ეტაპზე, რთულია გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობის დაწყება, ვინაიდან ამ ადამიანთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღმოაჩნდა ანტისხეულების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა სხვა ადამიანთა სამკურნალოდ.
„გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა ყველა შემთხვევაში არაა გამოსადეგი სხვა ინფიცირებულების სამკურნალოდ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენი ანტისხეული აქვს გამოჯანმრთელებულ ადამიანს. ამას ჩვენ ვამოწმებთ, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ პაციენტს არ აღმოაჩნდა ანტისხეულების ის რაოდენობა, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მასალის სამკურნალოდ გამოყენება. ამიტომ ბევრი პაციენტი არ აღმოჩნდა გამოსადეგი პლაზმის მისაღებად. არსებობს მოსაზრება, რომ იმ პაციენტებს, რომელთაც რთულად გადაიტანეს კორონავირუსი, მეტი ანტისხეულიც გააჩნიათ. ჩვენ ამ კატეგორიასაც ვტესტავთ, თუმცა, როგორც იცით, ჯერჯერობით, არ გვყავს იმდენი პაციენტი, რომ მათი ანტისხეულებით დავიწყოთ მკურნალობა. ამასთან, საჭიროა, ადამიანის გამოჯანმრთელებიდან 14 დღე იყოს გასული. ამიტომ, ჯერ ჩვენ არ გვყავს დიდი კონტინგენტი, ვინც გამოდგენა სხვების სამკურნალოდ. ვინც გვყავს, - მათგან უკვე დაწყებულია პლაზმის მიღება“ - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა „TV პირველთან“ საუბრისას.
საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.