„იგი ამით ალბათ ცდილობს, რომ ნელ-ნელა გააქტიურება დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ის იქნება ტვირთი“ - ასე აფასებს „რეზონანთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქ“ პოსტს.
მერაბიშვილი ხელისუფლებას კორონავირუსისეპიდემიის სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხდება, რომ დიდი რაოდენობით აგრესიული ტესტირების შედეგად ახლი 25 შემთხვევა გამოვლინდა, ეს წამოცდენაა და „ქართული ოცნება“ ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას მალავს.
ძაბირაძისვე თქმით, ამ განცხადებით მერაბიშვილმა საზოგადოების რეაქცია მოსინჯა.
„მერაბიშვილს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი შეიძლება აქვს, მაგრამ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის რამდენად მისაღებია - ეს ცალკე თემაა. იგი ამით ალბათ ცდილობს ნელ-ნელა გააქტიურება დაიწყოს, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ის იქნება ტვირთი. ეს ალბათ მანაც იცის და იციან იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, ვისთანაც ის შეიძლება მოიაზრებოდეს - იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“.
„ნეიტრალური თემა მოძებნა. ამით მან მოსინჯა, თუ რა რეაქცია იქნება საზოგადოებისგან. ალბათ ასეთი რამდენიმე განცხადება იქნება, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ. გასაგებია და მესმის, რომ პოლიტიკაში უნდა. ისიც მესმის, რომ აღმასრულებელი იყო, მაგრამ არა იდეოლოგი, მაგრამ მის პერსპექტივას დიდად ვერ ვაფასებ. მისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება იყო და არის მკვეთრად ნეგატიური. ამიტომ ნებისმიერი ძალისთვის ის პოლიტიკური ბალასტია“, - განაცხადა ძაბირაძემ.