საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკირიზისული გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულ მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით 300 ლარი გაიცემა. ამისთვის მოქალაქემ უნდა დაადასტუროს, რომ ნამდვილად თვითდასაქმებული, ან არაფორმალურ სამუშაოზე დასაქმებული პირია.
ამ კატეგორიის ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა მოხდეს თვითდასაქმების ფაქტის დადასტურება?
ირკვევა, რომ თვითდასაქმებულთათვის შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, სადაც წარადგენენ პირდად მონაცემებს და მარტივი გზით დაადასტურებენ დასაქმების ფაქტს.
ჯერჯერობით, ზუსტი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თუ თქვენ დასაქმებული ხართ არაფორმალურ სამსახურში, შესაძლოა დაგჭირდეთ, დამსაქმებლისგან რაიმე სახის საბანკო გადმორიცხვის დოკუმენტი, ან რაიმე სხვა სახის წერილი.
როგორც პრემიერ მინისტრი განმარტავს, დამლაგებლისთვის ეს შეიძლება იყოს ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა. მოვაჭრისთვის – ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი.
შესაძლოა ტაქსის მძღოლს სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტი გამოადგეს და ა.შ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთანაც თვითდასაქმებულთა ბაზის შედგენა იქნება დაკავშირებული. მოსალოდნელია, მოქალაქეების ნაწილმა, ფიქტიური დამსაქმებლების მოძიება დაიწყოს და შემწეობის მისაღებად, სახელმწიფოს ყალბი დოკუმენტაცია შესთავაზოს.
„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია თვითდასაქმებულთა გაკონტროლება. თუმცა, სწორედ ამიტომ, ონლაინრეგისტრაციის ან ფიზიკური რეგისტრაციისას, პირებს მოეთხოვებათ გარკვეული ტიპის საბუთების წარმოდგენა.
ამ საბუთების განხილვა კომისიური წესით მოხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ იქნება პრობლემები ფიქტიურ დოკუმენტებთან დაკავშირებით და ეს პროცესი ვერ იქნება ისეთივე გამართული, როგორც – ფორმალურად დასაქმებულების იდენტიფიცირების შემთხვევაში.
კრიზისული მგდომარეობიდან, მიდგომა ასეთია, – მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, მიიღონ დახმარება და მოსალოდნელი ცდომილება დავუშვათ სწორედ მოქალაქეების სასარგებლოდ.
ცდომილებები რომ იქნება, ამას ვაღიარებთ. თუმცა, კომისია მაქსიმალურად ეცდება, გაცხრილოს დოკუმენტები და დადოს სწორი სიები“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.