ჩინეთში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

ჩინეთში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაიმუნებზე გამოცდა წარმატებით დაასრულეს, ყველა საცდელი ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის პირველადი შედეგები მეცნიერებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოაქვეყნეს.

„დაწყებულია გაწმენდილი ინაქტივირებული ვაქცინა PiCoVacc-ის საპილოტო წარმოება, რომელმაც თაგვების, ვირთხებისა და მაიმუნების ორგანიზმში ანტისხეულები შექმნა. ამ ანტისხეულებს ვირუს SARS-CoV-2-ის სულ მცირე 10 სხვადასხვა შტამის ნეიტრალიზება შეუძლიათ. ვაქცინის მცირე და დიდმა დოზებმა ნაწილობრივ ან სრულად დაიცვეს მაკაკები კორონავირუსით ინფიცირებისგან“, - აღნიშნავენ მეცნიერები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.