გიორხელიძე სამთავრობო ცვლილებებზე:

გიორხელიძე სამთავრობო ცვლილებებზე: "ქართული ოცნების" თამაშებზე შეიძლება, რომელიმე მინისტრმა უარი თქვას და მთავრობიდან გავიდეს 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებების განხორციელება მოსალოდნელია. როგორც გიორხელიძე აღნიშნავს, ცვლილება, სავარაუდოდ, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს შეეხებათ.

“სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული რეფორმებთან, ან რაღაც, განსაკუთრებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან. ახლა წინასაარჩევნო წელია, ამიტომ  რეფორმებსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე საუბარი  ვერ იქნება. “ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ აქცენტი  მხოლოდ დემოკრატიის შენარჩუნებასა და გამტკიცებაზე გაკეთდება.

“ქართული ოცნების“ თამაშებზე შეიძლება, რომელიმე მინისტრმა უარი თქვას და მთავრობიდან გავიდეს. დღეს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და ფინანსების ბლოკის მინისტრები არიან. საეჭვოა, რომ მათ ერთ წელიწადში რამე უკეთესობისკენ შეცვალონ. არჩევნების შემდეგ, ცხადია,  ქვეყანაში სულ სხვა რეალობა იქნება, ამიტომ სამთავრობო ცვლილებების განხორიციელება მანამდეა მოსალოდნელი“, -  განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დატოვა.  ამ თანამდებობაზე კი  ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს.

 გაგრძელდება თუ არა მინისტრთა ცვლის პროცესი?  “2020NEWS“ -მა ეს კითხვა  ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანსაც დაუსვა. თუმცა, მან  გაურკვეველი პასუხი გაგვცა. "არ ვიცი“ - თქვა წულუკიანმა.