ჯონ ჰაისმანი – დასარტყამი ინსტრუმენეტებით მართული ბრიტანული ჯაზ-როკი

ჯონ ჰაისმანი – დასარტყამი ინსტრუმენეტებით მართული ბრიტანული ჯაზ-როკი

როკ სამყაროს მრავალფეროვნებას ის მუსიკოსები განაპირობებენ, რომლებიც მუდმივად ახლის ძიებაში იმყოფებიან; თუ საჭიროა „დასასვენებლად“ გადიან სცენიდან, მერე ან აღარ უბრუნდებიან, ან თუ კიდევ უბრუნდებიან, მაშინ აზრიანად და გასახარად უკვე სამი თაობის მსმენელისა.

ჯონ ჰაისმანის ბიოგრაფია სრულად ასახავს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ზემოთაა მოყვანილი, რადგან მუსიკოსმა გასული საუკუნის 60-ებიდან მოყოლებული, არაერთ მუსიკალურ ჟანრში იმოღვაწა, 1980-იან წლებში განერიდა უაღრესად „გაპაპსავებული“ პოპ სცენიდან გამომდინარე, მისთვის უსაყვარლესი ჯგუფის აღდგენას და გააკეთა ეს ზუსტად მაშინ, როდესაც საჭირო იყო, რადგან 1994 წლისათვის მას უკვე ვერცერთი პროდიუსერი ვეღარ წაუყენებდა მოთხოვნას 80-იანი წლების ბარაბნის ხშირად აუტანელი ჟღერადობით დაკვრაზე...

ყველაფერი კი დიდი ბრიტანული როკ სამჭედლოთი დაიწყო. 1966 წელს ჯონ ჰაისმანმა Graham Bond Organisation-ში ჯინჯერ ბეკერი შეცვალა, რომელმაც ჯეკ ბრიუსთან და ერიკ კლაპტონთან ერთად, Cream დააარსა. ლეგენდარულ ბლიუზ როკ ტრიოსთან ერთად, იმდროინდელმა პოპ სამყარომ სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ, Graham Bond Organisation-ის ნიადაგზე აღმოცენებული უკვე ჯაზ როკ ლეგენდა Colosseum-იც მიიღო, რომლის დამაარსებელი, სწორედ რომ დრამერი ჯონ ჰაისმანი გახლდათ.

ეს იყო 1969 წელს. მანამდე კი ჰაისმანმა ჯონ მაიალის Bluesbreakers-ის შესანიშნავ ალბომ Bare Wires-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კოლექტივი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო მუსიკოსის საოცარი გახსნისაკენ სხვადასხვა მუსიკალური ხედვებისადმი, ოღონდ პრინციპით „ბლიუზი - როკის იდეა“...

ამის პირდაპირი შედეგები მალე გამოვლინდა, როდესაც Colosseum -ში ჰაისმანი ჯაზ-როკ იმპროვიზაციების თანაავტორობასთან ერთად, საკმაოდ უჟმური და მძიმე ხასიათის მქონე ჯეკ ბრიუსის თავდაპირველ სოლო ალბომების ჩაწერაში ღებულობდა მონაწილეობას.

მიუხედავად კრიტიკისაგან თუ მსმენელებისაგან დიდი მოწონებისა, Colosseum -მა ჩარტებში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და სამწლიანი არსებობის შემდეგ დაიშალა. 1969-1971 წლების ალბომებიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მანჩესტერის უნივერსიტეტის დარბაზში ჩაწერილი ცოცხალი ალბომი გამოვიდა. აქ მთელი ეშხით გამოვლინდა ქრის ფარლოუს ბლიუზურ-მედიდური  ვოკალი, დიკ ჰეკსტოლ სმიტის უგემოვნესი საქსოფონი, მასთან შერწყმული მარკ კლარკის finger style მდიდრული  დაკვრა, (რის გამოც სხვათა შორის იგი რიჩი ბლეკმორმა ალბომ Long Live Rock’n’Roll-ში დაიწუნა და ბობ დეისლის მისვლამდე ბას გიტარის პარტიების ნახევარი თავად ჩაწერა) კლემ კლემპსონის გიბსონიდან ფენდერზე გადატანილი ბლიუზური და როკული განწყობები და რაღა თქმა უნდა გამორჩეული ჟღერადობის გამაერთიანებელი - ვირტუოზი დრამერი ჯონ ჰაისმანი.

თუმცა კოლექტივი მალევე დაიშალა და ჯონ ჰაისმანმა უკვე მომდევნო პროექტ Tempest-ში, დატოვა რა Colosseum -დან მხოლოდ ბას გიტარისტი მარკ კლარკი, დიკ ჰეკსტოლ სმიტის გარეშე დარჩენილმა, ამოიღო რეპერტუარიდან თავისუფალი ჯაზის ელემენტები და მცნება ჯაზ-როკი, 1973 წლისათვის მეტად პოპულარულ მიმდინარეობა „ფიუჟენს“ მოარგო.  Tempest-მა როკ საგანძურს ორი სტუდიური ალბომი შემატა. პირველ მათგანში გიტარაზე ალან ჰოლდსუორთი უკრავდა, ხოლო მეორეში კი ოლი ოლსოლი, რომლებიც ტომი ბოლინთან შედარებით, ვინძლო უკეთ მორგებოდნენ რიჩის წასვლის შემდეგ Deep Purple-ს, სადაც სესიებზე კლემ კლემპსონი დაიწუნეს...

მომავალში კი უკვე კომპაქტზე ამ კოლექტივის ერთი ლაივ ალბომიც გამოქვეყნდა, რაც ფრიად საყურადღებოა იმის გამო, რომ სცენაზე საოცარი იმპროვიზაციული გარემოს შემქმნელი ორივე ზემოთაღნიშნული გიტარისტია წარმოდგენილი.

ზოგადად ეს ძალზედ საინტერესო პერიოდია ბრიტანული ფიუჟენის ისტორიაში, რომელსაც ნელ-ნელა ძირითადად 1960-ების მეორე ნახევარში დაარსებული მოაზროვნე  პროგრესივ როკ ბენდები ეტანებოდნენ. ალან ჰოლდსურთი არაერთ პროექტშია ნამუშევარი დრამერ ტონი უილიამსის კოლექტივში თვით ჯონ მაკლაფლინის ჩანაცვლებით დაწყებული, კიდევ ერთ დიდ დრამერ, ბილ ბრაფორდის ჯგუფში, თუ Gong-ში დაკვრით დამთავრებული. ოლი ოლსოლმა კი Tempest-ის დაშლის შემდეგ კვლავ Patto-ს მიაკითხა. საბოლოოდ იგი სიცოცხლის უკანასკნელ  წლებში, კენტერბერული სცენის სხვადასხვა მუსიკოსებთან  და ძირითადად კევინ აიერსთან უკრავდა.

გაცილებით წარმატებული ჯონ ჰაისმანის უკვე მომდევნო პროექტი გამოდგა. დრამერმა გადაწყვიტა, რომ კოლექტივისთვის Colosseum II დაერქვა და მხოლოდ ახალი მუსიკოსები აეყვანა. Colosseum II კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ფიუჟენს და ხელწერით ხან ჩიკ კორეას და ხანაც ჰერბი ჰენგკოკის 70-იანების დასაწყისის მუსიკალური ხედვა გაიზიარა. გიტარისტად ჯონ ჰაისმანმა თვით გარი მური მიიწვია, რომლის ფიუჟენის სტილში აწყობილი დაკვრა, მხოლოდ Colosseum II-ის ალბომებშია შესაძლებელი. კლავიშებიან ინსტრუმენტებზე აქ პირველად გამობრწყინდა დონ ეირი. Colosseum II-ის დაშლის შემდეგ, Deep Purple-ს დღევანდელი კლავიშებზე შემსრულებელი ჯერ Black Sabbath-ში, შემდეგ Rainbow-ში და მომავალში კიდევ სად აღარ აღმოჩნდა.

თავად ჰაისმანმა კი მეუღლესთან - ბარბარა ტომპსონთან ერთად, ვირტუოზი მუსიკოსებისაგან შემდგარი United Jazz + Rock Ensemble დააარსა. პარალელურ რეჟიმში მან ხმის ინჟინრის პროფესიაც აითვისა და არაერთი ფილმის საუნდტრეკის გაფორმება მოახერხა.

ეს ყველაფერი Colosseum -ის ხელახალ შეკრებამდე ხდებოდა, რომლის 1994 წელს ზუსტად 1971 წლის Colosseum Live-ის შემადგენლობით გამოჩენამ, საბოლოოდ ცხადყო, რომ ჯონ ჰაისმანის მუსიკალურ ბიოგრაფიაში, ეს იყო ყველაზე მეტად წარმატებული პროექტი.

Live In Cologne-მ ჩრდილში არამარტო თავისი 23 წლის წინანდელი წინამორბედი მოაქცია, არამედ მრავალი როკ ლაივ ალბომიც. თითქოს მომენტს ელოდა კოლექტივი, რათა არათინნეიჯერული როკი, ზუსტად ასაკის შესაბამისად და მეტად გააზრებულად წარმოეჩინა. ორსაათიანი DVD ცოცხალი მუსიკის ჭეშმარიტი ზეიმია. რას აღარ იხილავთ აქ: ვირტუოზული დაკვრა, საოცარი შეთანხმებულობა, ემოცია და რაც მთავარია უდიდესი სიყვარული საკუთარი რეპერტუარისა, რომლის არანჟირებაშიც უმთავრესი როლი, დრამერ ჯონ ჰაისმანს ეკუთვნოდა. ალბომის გამორჩეული ბრწყინვალება კი სამი ნაწილისაგან შემდგარი Valentine Suite გახლავთ, რომელიც 1971 წლის ლაივში, მათ რატომღაც არ შეუყვანიათ. ფარლოუ ბრწყინვალე ფორმაშია და მისი უკვე ასაკოვანი კაცის ხმის ტემბრი, 25 წლის წინანდელთან შედარებით, შეიძლება გაცილებით ეფექტურადაც კი ჟღერს Theme From An Imaginary Western-სა, თუ Stormy Monday-ში.

ჯონ ჰაისმანის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ კოლექტივმა არსებობა დღევანდელ დღემდე განაგრძო. 2003-ში დიკ ჰეკსტოლ სმიტი გარდაიცვალა. ჰაისმანმა იგი  მეუღლით - ბარბარა ტომპსონით ჩაანაცვლა და კოლექტივმაც Tomorrow’s Blues-ის დაკვრა სცენაზე  უკვე „განახლებული“ შემადგენლობით  განაგრძო...

ეპოქალური დრამერი კი ჩინებულ ფორმაშია და აქედან გამომდინარე მსმენელიც   Colosseum -გან მორიგი მარადიული ბლიუზის მოლოდინშია, რაც ბრიტანული ჯაზ-როკის მამათავრებისაგან, შეიძლება არც იყოს საკვირველი.