ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ზღაპრული ისტორია

ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ზღაპრული ისტორია

მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მოდელი ჰეილი ბოლდუინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე ვარსკვლავური წყვილია. გასულ წელს ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ და საბოლოოდ, ურთიერთობა ნიშნობითაც გააოფიციალურეს. პაპარაცების ობიექტივში ყოველთვის ერთმანეთზე საოცრად შეყვარებული, ახალგაზრდა წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ: მუდამ იღიმიან და თვალებიც ერთნაირად უბრწყინავთ. ჰეილი და ჯასტინი საჯაროდ გრძნობების გამოხატვას ისედაც არ ერიდებიან. ყველაფერი კი ჩვეულებრივი მეგობრობით დაიწყო.

მომღერალი და მოდელი ერთმანეთს თინეიჯერობიდან იცნობენ. პირველად 2009 წელს შეხვდნენ, ჰეილის მამის − ცნობილ მსახიობ სტივენ ბოლდუინის წყალობით. გოგონა 13 წლის იყო, ჯასტინი კი 2 წლით უფროსი. შემთხვევით, მათი გაცნობის კადრები ვიდეოში მოხვდა და ახლა უკვე დანიშნულ წყვილს სამუდამო მოგონებად შემორჩა. ამ დროს ბიბერის სადებიუტო ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

„მე და ჯასტინი დიდი ხანი ვიყავით მეგობრები. ჯერ კიდევ ბავშვობაში შევხვდით ერთმანეთს და ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდა“, − იხსენებდა ჰეილი. 2014 წლის ბოლოს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადელმა მსახიობმა, სელენა გომესთან დაშორების შემდეგ, ურთიერთობა ჰეილისთან წამოიწყო. ისინი ხშირად ატარებდნენ დროს ერთად და სოციალურ ქსელებშიც აქტიურობდნენ, მაგრამ შესაძლო სასიყვარულო კავშირის შესახებ ყველაფერი უარყვეს. ჯასტინი ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ ჰეილი უბრალოდ მისი კარგი მეგობარი იყო.

2016 წელს პაპარაცებმა ისინი უკვე კოცნის დროს დააფიქსირეს. ამან მათი რომანტიკული ურთიერთობა თითქოს დაადასტურა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ წყვილმა ურთიერთობა „დააპაუზა“. „ჰეილი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. დიდ დროს ვატარებთ ერთად, მაგრამ ამ მომენტში არ მსურს ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა წამოვიწყო. დიდი პასუხისმგებლობა და უამრავი საქმე მაქვს, რომელიც უნდა გავაკეთო. არ მინდა ვიგრძნო, რომ შეყვარებული ჩემს ცხოვრებაში ძირითადი ფიგურა ვერ იქნება“, − გამოტყდა მომღერალი ინტერვიუში.

რომანი 2018 წელს განახლდა. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ნამდვილად სერიოზულად იყო. „ჯასტინი არის ის, ვინც ჩემთვის ნამდვილად ძვირფასია. ახლა უკვე მოწიფული სიტუაცია გვაქვს. ყველაფერი შესანიშნავადაა“, − განაცხადა მოდელმა. წყვილს საერთო რელიგიური შეხედულებებიც აკავშირებს. ჯასტინის ტატუების უმრავლესობა  სწორედ რელიგიურ კონტექსტს შეიცავს, ჰეილიც მუდამ სტუმრობს ეკლესიას და ევანგელიას ინსტაგრამზეც ხშირად მოიხსენიებს.

გასული წლიდან მოყოლებული, ჰეილი და ჯასტინი განუყრელები გახდნენ. ნიშნობა ბაჰამის კუნძულებზე შედგა. ჯასტინმა ჰეილის ცოლობა სწორედ ამ ადგილას შესთავაზა, ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში. „ჰეილი, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ვეცდები ცხოვრება შენს სიყვარულთან ერთად გავატარო. იესოს ვთხოვ, მოგვიმართოს ხელი ყველაფერში, რასაც მოვიმოქმედებთ. ჩემი გული მთლიანად შენ გეკუთვნის და შენ ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნები. ჩემო ცხოვრების სიყვარულო, ჰეილი ბოლდუინ, მე არ მსურს არავინ, შენ გარდა“, − დაწერა სოციალურ ქსელში 25 წლის მომღერალმა.

ჰეილი, თავის მხრივ, მზადაა ჯასტინს კარიერაც კი შესწიროს. მან უკვე უარი თქვა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დეფილეზე გამოსულიყო. ჰეილი უკვე ფრთხილად ირჩევს თავის სამუშაო პროექტებს და მეტ დროს საქმროსთან ერთად ატარებს. აღსანიშნავია, რომ ჯასტინს ჰეილის მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს. სტივენი ბედნიერია შვილის გადაწყვეტილებით და სიძესთან ერთად გარკვეულ დროსაც სიამოვნებით ატარებს.

როცა ჰეილის გადასაღებ მოედანზე ან სამუშაო სივრცეში ნაცნობები ნიშნობას ულოცავენ, გოგონა ღიმილით პასუხობს: „გმადლობთ! მე ძალიან გამიმართლა, ის შესანიშნავია! არ ვიცი, რითი დავიმსახურე ამხელა ბედნიერება. ვემადლიერები ღმერთს, რომ საოცარი ადამიანი მაჩუქა. ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს ზუსტად ამ მადლიერებას“.

„შენთან ერთად უკვე ყველაფერს აზრი მიეცა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, არის ის, რომ ჩემი უმცროსი და-ძმა კიდევ ერთ ჯანსაღ, სტაბილურ ქორწინებას დააკვირდებიან და მაგალითს აიღებენ“, − ჯასტინმა კი ასე დაახასიათა მათი ნიშნობა.

ახალბედა წყვილს შინ ყოფნა ძალიან უყვარს. უყურებენ ფილმებს, უსმენენ მუსიკას და ცეკვავენ სამზარეულოში. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არაა: „ქორწინება ძალიან რთული მოვლენაა. ამ ფრაზით უნდა დაიწყო მუდამ საუბარი, იმიტომ, რომ ის მართლაც საშინლად რთულია, მით უმეტეს − ძალიან ახალგაზრდა ასაკში. ყოველთვის მსურდა, თავი დაცულად მეგრძნო. ჩემი ცხოვრების სტილი მერყევია და ჯასტინმა მას მდგრადობა შესძინა“, − აცხადებს 22 წლის ჰეილი ბიბერი.

აღსანიშნავია, რომ ჰეილი ბოლდუინს სერიოზული ურთიერთობა აქამდე არავისთან ჰქონია. 2018 წლის Met Gala-ზე, როცა ცნობილ მომღერალ შონ მენდესთან ერთად გამოჩნდა, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ორივემ აღიარა, რომ ღონისძიებაზე ერთად მისვლა ახლო მეგობრობამ განაპირობა. რაც შეეხება ჯასტინს, მისი და სელენა გომესის ურთიერთობას გულშემატკივრები რამდენიმე წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს. როცა მომღერლები შერიგდნენ, ყველას ეგონა, რომ თინეიჯერულმა სიყვარულმა სერიოზული სახე მიიღო და ერთმანეთს აღარასოდეს დაშორდებოდნენ. მილიონობით გულშემატკივარი შეცდა: ოფიციალურად ურთიერთობის დაკანონება ჯასტინმა მხოლოდ ჰეილისთან მოინდომა. „გასული წლის ივნისში, როცა ჰეილი ვნახე, მივხვდი, როგორ ძლიერად მყვარებია და როგორ მენატრებოდა. სწორედ მან მოახდინა უდიდესი გავლენა ჩემს ცხოვრებაზე და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მისი თავი მაჩუქა“.

ახალგაზრდა წყვილი უახლოეს პერიოდში ქორწილსაც გეგმავს.