უფოლოგი ერეკლე შონია მიიჩნევს, რომ საბერძნეთის კოშმარული ხანძარი, რომელმაც 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეიძლება უცხო ცივილიზაციისგან გაფრთხილება იყოს. მისი თქმით, უცხოპლანეტელებს ეშინიათ, დედამიწის დაღუპვამ მათი პლანეტების განადგურებაც არ გამოიწვიოს, ამიტომ მუდმივად აკვირდებიან ადამიანთა ქმედებებს, მათ ქცევებს. როცა უხეშად ვერევით ბუნების კანონებში, “დედამიწის მცველებისგან” ვიღებთ ე.წ. გაფრთხილებას, რაც ხანძრებითა და წყალდიდობებით გამოიხატება.
ერეკლე შონია:
– უფოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის ასოციაცია “ადამიანი – გარემო” 1990 წლიდან ფუნქციონირებს. ის მამაჩემმა, თალეს შონიამ დააარსა. ასოციაცია სწავლობს ადამიანისა და გარემოს ურთიერთობებს – ანომალიურ მოვლენებს, უცხო ცივილიზაციებს. წლების განმავლობაში ამ კუთხით დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა.
ჩვენთან მოდიან სხვადასხვა ძალისა და ინტერესების მქონე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები. მათგან ზოგი მცველია, ზოგი მასწავლებელი… არსებობენ უცხო ცივილიზაციები, რომელთაც უნდათ დედამიწაზე ცხოვრება და დამკვიდრება. ზოგიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჩვენთან – გვასწავლის, გვარიგებს, კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსავალს გვთავაზობს და ა.შ.
მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო ეკოლოგიის განადგურება, მაღალცივილიზებული სამყაროები ცდილობენ, რომ ბუნება, ადამიანი დაიცვან თავად ადამიანისგან, რათა მან არ დაანგრიოს ის “დიდი სახლი”, რომელსაც დედამიწა ჰქვია. ეშინიათ ჯაჭვური რეაქციის. ფიქრობენ, რომ ჩვენი სახლის ნგრევამ შეიძლება მათი სახლიც დაანგრიოს, ამიტომ ჩვენ გამოსაფხიზლებლად ზოგჯერ დასჯის მეთოდებსაც იყენებენ. დასჯა ფაქტობრივად არის ერთგვარი შეხსენება, რომ ჩვენი ქცევები, ქმედებები უნდა შევცვალოთ.
სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა. ამ ტერიტორიაზეც ხომ არ გამოჩნდნენ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები?
– ჯერჯერობით სვანეთის მოვლენებში “სტუმრების” ჩარევის ფაქტები არ გამოვლენილა. თუ სვანეთში ჰესები გამოიწვევს მყინვარების დნობას, მიწისძვრებსა და პირობების გაუარესებას, მაშინ ალბათ გამოჩნდებიან “სამყაროს მცველებიც”.
ეკოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ძალისხმევით ხდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოქმედებს იმ რეგიონზე, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობს. სანამ თბილისში ზღვა გაკეთდებოდა, ქალაქში იყო მშრალი და სასარგებლო ჰავა. მერე ყველაფერი შეიცვალა. ამჟამად არსებული ჰავა არ არის სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ქალაქში გაჩნდა გეოპათოგენური ადგილებიც, სადაც არ შეიძლება ცხოვრება. კლიმატის ცვლილების გამო მიწისქვეშა წყლებმა დაიწყო გააქტიურება და ბევრი სახლის სარდაფში წყალი ამოდის. იმ სახლებში ცხოვრება არ შეიძლება, რომლებიც აშენებულია ხევებზე ან სადრენაჟო და გოგირდოვანი წყლები გადის.
საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც კი გაკეთდა წყალსაცავი, დაიწყო დიდი ცვლილებები, რასაც მოჰყვა ხალხის ევაკუაცია-მიგრაცია. ვგულისხმობ რაჭას, სვანეთს… ამ ადგილებშიც დაინგრა სახლებიც და ძველი ტაძრებიც. მერე, როდესაც ახალი ტაძრები ააშენეს, არ გაითვალისწინეს მადლის წყაროს ველები და, ფაქტობრივად, ასეთ ტაძრებში მადლი აღარ ტრიალებს.
ძველ ტაძრებში, რომლებიც საუკუნეებს უძლებდნენ და აშენებული იყო ძველი ცოდნით, მადლის ადგილები გაზომილი იყო, მაგრამ ამ ცვლილებების გამო ველებმა გადაინაცვლა. აქედან გამომდინარე, ყველა ტაძარში ახლიდან უნდა გაიზომოს ველები. ის ტაძრები, რომლებშიც მადლი გამქრალი ან გადანაცვლებული დაგვხვდება, უნდა გამოვიყენოთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არა – სულიერების სავანე.
მადლის გაზომვა შესაძლებელია?
– დიახ, მადლი გადმოდის თუ არა, ამის დადგენა სპეციალური მეთოდით არის შესაძლებელი. წინათ ამ მეთოდით არჩევდნენ იმ ტერიტორიებს, სადაც უნდა აეშენებინათ ტაძარი. ახლა კი ამას ყურადღებას აღარავინ აქცევს.
ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ ველების გამოსხივებას და ზემოქმედებას გარემოზე.
უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები ალბათ არა მხოლოდ საქართველოს აკვირდებიან. სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება მათი აქტიურობა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგალითად, საბერძნეთში, სადაც ზაფხულში საშინელი ხანძარი იყო?
– დიახ, ისინი არა მხოლოდ საქართველოს აკვირდებიან. მათ აინტერესებთ მთელი დედამიწა. გასულ წელს საქართველოსაც დაატყდა თავს ხანძრებისა და წყალდიდობების კასკადი. ერთ-ერთ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, პატარა ბავშვი იწვა საწოლში. ყველაფერი დაიწვა, მაგრამ ბავშვის საწოლს ცეცხლი არ შეხებია. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ცეცხლი მოეკიდა სახლს და ამ დროს ფანჯრის რაფაზე ჯვარი გამოისახა.
2016 წელს, როცა კუმისის მოვლენებს ვიკვლევდით, პოლიციელმა, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა მორიგეობა, მიიღო შეტყობინება, რომ 2 გაჩერებული ავტომანქანა მოულოდნელად აალდა და დაიწვა. ამის შემდეგ უცხო ცივილიზაციის ხომალდის დაჯდომის ადგილზე, სადაც აქტიური ზონაა, მივიყვანეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია არამიწიერ გონთან ურთიერთობა. მან მიიღო ინფორმაცია, რომ დაიწყებოდა ხანძრები. გადასამოწმებლად ამ ადგილზე სხვაც მივიყვანეთ და მანაც მსგავსი ინფორმაცია მიიღო.
ამის გახმაურება არ მოგვიხდენია, მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და ბორჯომიდან დაიწყო ხანძრების კასკადი, რომელიც მთელ საქართველოს მოედო. ხშირ შემთხვევაში ის ადგილები, სადაც ცეცხლი ჩნდებოდა, იყო სრულიად მიუდგომელი. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაც დადიოდა და აჩენდა ხანძარს. ხანძრის წინ ბორჯომის ტეროტორიაზე დამსვენებლებმა შეამჩნიეს არსებები, რომლებიც ადამიანებს არ ჰგავდნენ. ზოგი ამბობდა, რომ იყვნენ ორ მეტრზე მაღლები და უცნაური კომბინეზონები ეცვათ.
საბერძნეთის ხანძარი და წყალდიდობაც შეიძლება მათ მიერ იყოს გამოწვეული?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბერძნეთის ხანძარსაც იგივე მიზეზი ჰქონდეს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საბერძნეთის ტერიტორია არის პროტოიბერული ცივილიზაციის აკვანი. იბერიული რასა, რომელიც დასახლებული იყო ხმელთაშუა ზღვის გარშემო, დედამიწაზე პირველი იღებს ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას. ეს ტერიტორია, როგორც სასიგნალო ნათურა, პირველი ყვირის ცვლილებებზე, რომლებიც მთელ დედამიწაზე უნდა მოხდეს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, საბერძნეთის ხანძარიც და წყალდიდობაც უცხო ცივილიზაციის მორიგი გაფრთხილება იყოს.