ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს

ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს

ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველო წარმოჩინდეს როგორც არშემდგარი, აგრესიული სახელმწიფო.

„მას შემდეგ, რაც ყველა საერთაშორისო ფორმატში განიცადეს მარცხი და საქართველოს პოზიციები ყველგან არის ძალიან მყარად მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ისინი აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა საქართველოს მთავრობა ამოაგდონ წარმატებული სვლის რითმიდან. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით რას აკეთებს ოპოზიცია: ერთი ნაწილი ოპოზიციის ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, მოგვიწოდებს რა, დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ახორციელებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შედეგად მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების მიზანს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, პირდაპირი დიალოგით თითქოს შესაძლებელია პრობლემების მოგვარება. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ შევეცადოთ, მაქსიმალურად ცივი გონებით, შიდა პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე შევაფასოთ არსებული რეალობა და შევეცადოთ, ერთად შევეწინააღმდეგოთ აგრესიას ჩვენი სიმტკიცით და ჩვენი განვითარებით შევძლოთ როგორც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბევრ სირთულეს, ჰიბრიდულ საფრთხეს და რისკს გავუმკლავდეთ ერთობით და გაწონასწორებული პოლიტიკით. მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის გამთლიანება. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ყველა საელჩო, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ამ რეალურად ძალიან რთულ მოცემულობაში როგორიც ჩვენს რეგიონშია და ასევე მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ შევძლოთ აგრესიისადმი გამკლავება და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ერთობას მოუტანს“, - განაცხადა ჯანელიძემ.