საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემოიღოს

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემოიღოს

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა განიხილა, რა ფორმითა და შემადგენლობით დარჩება მთავრობა და როგორი სტრუქტურით ჩამოყალიბდება სამინისტროები.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, დიდია ალბათობა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხის ინიცირება მოხდეს ხუთშაბათი დღის ჩათვლით.

„მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსულტაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად იყოს გათვლილი. ალბათობა დიდია იმისა, რომ საკითხი იყოს ინიცირებული ხუთშაბათი დღის ჩათვლით. შემდგომი პროცედურა ითვალისწინებს, რომ ორი კვირის ვადაში განხილვა იქნება შესაძლებელი, თუ ხუთშაბათს მაინც იქნება ინიცირება. რაც შეეხება კანდიდატურებს, ამაზე ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

არსებული ინფორმაციით, დისკუსიის საგანია, დარჩეს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ცალკე უწყების სახით. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, გუნდში არის მოსაზრება, რომ აღნიშნული სამინისტროს არსებობას პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ცალკე უწყების სახით უნდა შენარჩუნდეს.

ასევე განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმების საკითხი, რომლის მიხედვით, პოლიტიკის ნაწილი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადავა, ხოლო დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხები ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას დაექვემდებარება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე.

ასევე, დისკუსიის საგანია, რა ფორმით შეიძლება გაერთიანდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში.

სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციაზეა დამოკიდებული ის შემდგომი საკადრო ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინისტრის პოსტებზე ახალი სახეების წარდგენას გეგმავს, თუმცა დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი დარჩება.

შეხვედრას ესწრებოდა ახალი პრემიერ-მინისტრიც, როგორც დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხი გახლდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მინისტრობის კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული სახელები და გვარები არ განიხილებოდა.

შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა ასევე აღნიშნეს, რომ განიხილება სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხიც, თუმცა, ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის. ერთი ცნობილია - თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი რამდენიმე მიმართულების მიხედვით იქნება, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებებს ეყოლება სახელმწიფო მდივანი, ეს არ დაკონკრეტებულა. ასევე, შესათანხმებელია, როგორ მოხდება სახელმწიფო მდივნის პოსტის დაკავება - ეს იქნება არჩევით, თუ დანიშვნით.