შეთანხმება მიღწეულია. არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციაში ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც“ მოხვდება. შეთანხმებულ ვარიანტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტი 19 მარტს განიხილავს. რეზოლუციის პროექტი დასამტკიცებლად 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა. არსებული ინფორმაციით, ცვლილებები უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში განხორციელდება, რომელსაც დაემატება უმცირესობის შეთავაზება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ორი რეზოლუცია იყო დარეგისტრირებული. მათ შორის ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, მეორე უმცირესობის. უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.
რაც შეეხება უმცირესობის რეზოლუციას, გარდა ამ ფაქტორებისა, დამატებით, „ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის“ შექმნას ითვალისწინებს. სია „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, რომელიც რეზოლუცია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე შეთანხმება მიღწეულია. პარლამენტი ერთობლივ დოკუმენტს მიიღებს და მასში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც მოხვდება.
„მთავრობა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს დათანხმდა. ყველა იმ პირმა, ვინც მოღვაწეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქნება ეს პირდაპირ რუსეთის რეგულარული სტრუქტურების წარმომადგენლები თუ მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, უნდა იცოდეს, რომ თუ ის ჩაიდენს ან ხელს დააფარებს ასეთ დანაშაულს, მას სამიზნე ექნება დახატული შუბლზე და ის იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სამიზნე ამ სანქციების მთელ ცივილიზებულ სამყაროში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძეს განმარტებით, ეს რეზოლუცია იქნება გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მისი თქმით, პარლამენტი მიიღებს ერთიან, ძლიერ რეზოლუციას, პრინციპული დებულებებით და მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც“.
„გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ის, რომ უმცირესობა დათანხმდა ჩვენს მიერ შეთავაზებულ საბოლოო ვარიანტს და შესაბამის შეთავაზებულ ტექსტს. აქედან გამომდინარე, საკამათოც არაფერია, იქნება ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია, პრინციპული დებულებებით და მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერების იმედი და ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი იმისთვის, რომ გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაში.
იურიდიულად და პოლიტიკურად რეზოლუცია დახვეწილია და ეს არის გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ისინი დაგვიდგნენ გვერდით იმ საკითხში, რომლის თანახმად, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.
მმართველი გუნდის და „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს. რომან გოცირიძეს განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტისგან განსხვავებულია, თუმცა ტექსტში ჩადებულია სანქციის თემა, რაც მისი თქმით, პრინციპული საკითხია.
„სამწუხაროდ, ეს ვარიანტი არ არის ის, რასაც ველოდით, მიუხედავად ამისა, ამ კომპრომისულ შემოთავაზებას დავუჭერთ ჩვენ მხარს, რადგან პრინციპულია, რომ თავისთავად, უკვე, სანქციის ფორმა არის ჩადებული და ერთობლივი მხარდაჭერით მისი გასვლა პოლიტიკურადაც იქნება უკეთესი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საოკუპაციო ძალების მიერი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და ცხედრის არგადმოცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა რომლის განცხადებით, ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია.
„ევროკავშირი იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა განცხადება ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების თაობაზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. ფაქტია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ გამოვხატავთ ამ შეშფოთებას დიპლომატიური თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.