რუსეთის მოლოდინებს საქართველოში წყალი გადაასხეს

რუსეთის მოლოდინებს საქართველოში წყალი გადაასხეს

რუსულ გამოცემა „Аргументы и Факты“-სთან საუბრისას რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსი დეპუტატები შეეცდებიან, საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირები აღადგინონ. კალაშნიკოვის თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. გამოცემა „Аргументы и Факты“- ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი „პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა.

„მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე ითანამშრომლოს რუსეთთან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დამარცხება გააცნობიერეს, რადგან ქართველებმა, მათი ელიტის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს აღიარებენ, მაგრამ ეს იყო ცალსახა მინიშნება, რომ საჭიროა კომპრომისების ძებნა. კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ კვირაში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია, კომიტეტის სხდომაზე მოვისმინოთ და ქართველ პარლამენტარებთან ურთიერთობის დამყარებას შევეცადოთ“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს იმედი გაუცრუა და არწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო პოლიტიკური ვექტორის გადახედვას არ აპირებს. თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს დასავლური კურსი მოსახლეობის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზაზე უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და იგი აუცილებლად მოიპოვებს კიდევ დიდ გამარჯვებებს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, თედო ჯაფარიძის განცხადებით, აქაც ქვეყნის მთავრობა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებს - ეფუძნება მყარ პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი შემოთავაზებულ იქნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ.

„ბატონი კალაშნიკოვის ეს განცხადება სრულიად მოწყვეტილია რეალობას. შესაძლოა, მას დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველომ მოახდინა პროდასავლური იდეალების დეკლარირება. თუმცა, რუსეთთან მიმართებაში დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულებზე, მათ შორის დათმობებზე სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. სწორედ ექს-პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღო რუსეთმა კონტროლი საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებზე. უკვე აღარაფერს ვამბობ 2008 წლის ტრაგედიაზე“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

ამგვარად, ჯაფარიძე არწმუნებს კალაშნიკოვს და მის იმ კოლეგებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს - ეს არ მოხდება.

„საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი და იგი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. სწორედ კალაშნიკოვის მიერ ნახსენები ორიენტაციის ცვლილების შესაძლებლობა პასუხობს სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - აღნიშნავს თედო ჯაფარიძე.

ანალიტიკოსების შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ იძლევა საფუძველს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორის შეცვლას აპირებს. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში რუსი დეპუტატი გამოხატავს საკუთარი პრეზიდენტის ოცნებას, რომელიც განსხვავდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციისგან.

„ჩვენ გვყავს ჩვენი აზრთა გამრიგე და ვიდრე მისი ოცნება განსხვავებულია რუსეთის პრეზიდენტისგან, არანაირი საფრთხე ქვეყანას არ მოელის. ის ფაქტი, რომ თითქოსდა პრორუსული განწყობის არის „პატრიოტთა ალიანსი“, არის მხოლოდ სმენის დატკობობის თემა ზოგიერთი აგრესიული წარმონაქმნის გასაგებად რუსეთში. სინამდვილეში, ერთადერთი, რაზეც სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეში გაწევრიანება, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, მოსახლეობის ამ დამოკიდებულებასაც სჭირდება გამყარება, რამდგან რუსოფილები, თუნდაც მცირე რაოდენობით, საკმაოდ აქტიურნი არიან.

„უწყვეტად მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ე.წ. რბილი ძალა. თუ ამას დროზე არ განვასაჯაროვებთ და არ აღმოვფხვრავთ, მაშინ შეიძლება მეათე მოწვევის პარლამენტში ვიხილოთ ადამიანები, რომლებიც სწორედ რუსეთის პერზიდენტის ოცნების აღმასრულებელი იქნებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, რომ შემდგომი 4 წელი იქნება სრულიად მკაფიო როგორც საგარეო ურთიერთობათა ვექტორის, ასევე საშინაო პოლიტიკის გამყარების მიმართულებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რუსები უბრალოდ სასურველს რეალობად ღებულობენ. ექსპერტი ფიქრობს, რომ ვექტორი არ შიცვლება, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ვექტორის კორექტირება, რასაც მიესალმება.

„ვექტორის კორექტირებას ვითხოვ დიდი ხანია, რადგან არ შეძლება 140 მილიონიან ქვეყანაში მეზობელი მტრად გეგულებოდეს და მასთან მტრულ ურთიერთობას უჭერდე მხარს. არც მოლაპარაკება, არც კონტაქტი, არც ხელის ჩამორთმევა და თუ სადმე შემხვდებიან რუსი პოლიტიკოსები გამარჯობაც არ უნდა უთხრა - არა! ეს ნონსენსია, ბავშობაა, ეს არ გახლავთ სერიოზული პოლიტიკა, ეს არ არის დიპლომატია. ამ მხრივ შეიძლება მოხდეს კორექტირება, რომ გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა და არა მტრული“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

როგორც ექსპერტი ამბობს, რუსეთთან პიროვნული წყენა 2008 წლიდან მოდის ნაციონალებისგან, რომლებიც საკუთარ თავს ვერ პატიობენ, როგორ მოატყუა ვლადიმერ პუტინმა.

„მათ პიროვნული ბოღმა ამოძრავებთ პუტინისადმი, რომელმაც ბრიყვულად წამოაგო ისინი 2008 წელს პროვოკაციაზე, მაგრამ ხომ არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ერთი პარტიის პიროვნულ წყენას გადავაყოლოთ?! არ შეიძლება რუსეთის სახით მუდმივი საფრთხობელა გვქონდეს. მსოფლიოს ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს, აშშ-დან დაწყებული და ჩინეთით დამთავრებული, აქვთ სურვილი, რომ თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროში იყოლიოს პატარა მეზობლები.

ოქროს შუალედი, იმიტომაა ოქროს შუალედი, რომ შენ კარგი ურიერთობა გქონდეს მეზობელ რუსეთთან და დასავლეთთანაც, მაგრამ მესამე შემადგენელი ეს არის ფასეულობები და ღირებულებები. ვინ გიშლის ხელს იყო ნატოს ან ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამავე დროს ცხოვრობდე როგორც ცივილიზებული სახელმწიფო?!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.