იქნება თუ არა სტრასბურგის ვერდიქტი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი და ჩაერევა თუ არა სტრასბურგი საქართველოს სუვერენულ საკითხებში „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული კანონის განხილვა დასრულდება.
უკვე ცნობილია, რომ არასამთავრობოები ე.წ. რუსულ კანონს ჯერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ისინი კანონის სადავო მუხლების შეჩერებას მოითხოვენ.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ რუსული კანონის წესებით არ აპირებენ ცხოვრებას და გამოიყენებენ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული უფლება და დრო იმისთვის, შეაჩეროს „გამჭვირვალობის კანონის“ პრობლემური მუხლები მანამ, სანამ კანონი საბოლოოდ გაუქმდება. არასამთავრობოები საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიიჩნევენ ბრძოლის ერთადერთ გზად და პარალელურად მიმართავენ სტრასბურგსაც. ისინი ბრძოლაში თანამონაწილეობისკენ მოუწოდებენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეს კანონი ეხება.
პრემიერი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „აგენტების კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა. თუკი ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ხელისუფლება არ აპირებს ამ კანონის შეჩერებას, რადგან კანონის შეჩერება თვისობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება.
კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონის დაინიცირებამდე მათ შეისწავლეს სტრასბურგის პრაქტიკა, აღმოჩნდა, რომ ამ პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისია „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
ამასთან, კობახიძემ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც გაიხსენა „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებით, როცა ევროპულმა სასამართლომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა სიღრმისეული განხილვის შემდეგ თავადვე დაადგინა, რომ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი.
ამჯერად რა ვერდიქტს გამოიტანს სტრასბურგი?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როგორც წესი, სასამართლოს მტკიცებულება სჭირდება გადაწყვეტილების გამოსატანად, გამჭვირვალობის კანონში კი არაფერია ისეთი, რომ მტკიცებულებად ჩაითვალოს და დაგვარწმუნონ, თითქოს დარღვეულია კონსტიტუცია.
პეტრე მამრაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემთხვევას იხსენებს, როცა დარღვევა იმდენად აშკარა იყო, რომ ქალბატონი მიდიოდა უცხოეთში კონსტიტუციის დარღვევით და წარადგენდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ამას ამბობდა კიდეც, „მე წარმოვადგენ საქართველოს“, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით კი საპირისპირო შემთხვევაა და წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური სიმპათიით მიიღოს გადაწყვეტილება „ენჯეოების“ სასარგებლოდ. ასე რომ მოხდეს, ეს ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებად ნებისმიერი სასამართლოს მხრიდან.
„აზრადაც არ მომდის, რომ შეიძლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმ კანონში, რომელმაც ყველა ექსპერტიზა გაიარა, რაიმე არაკონსტიტუციური აღმოაჩინოს. მაშინ უნდა იყოს მითითებული კონსტიტუციის მუხლი და ის ფაქტიც, თურმე ეს კანონი როგორ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულებას. მსგავსი არაფერი არ არის. ზუსტად იგივე მოხდება სტრასბურგშიც. ჩვენ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ, ყველა შემთხვევაში, დაეყრდნო რა ფაქტებს, გამოიტანა სამართლიანი განაჩენი. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. რამდენმა ადამიანმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად და ამ ადამიანებმა სამართლიანობას მიაღწიეს. ასევე მოხდა სააკაშვილთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოს მოედო უხვად დაფინანსებული ცილისწამებლური დეზინფორმაციის კამპანია და წამყვანი მასმედიის საშუალებები, ტელევიზიები და გაზეთები - „ნიუ იორკ თაიმსი“, „ვოშინგტონ პოსტი“, „სიენენი“ წერდნენ, რომ პატიმარ სააკაშვილს თურმე აწამებენ, აშიმშილებენ, სვენებ-სვენებით კლავენ ნავალნის მსგავსად და დათვლილია მისი დღეები, ასევე, იმ კამპანიის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ექიმი სრულიად უსინდისო დეზინფორმაციას ეწეოდა, თითქოს სააკაშვილი დღეებს ითვლიდა, სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაინც გამოიტანა შესაბამისი ობიექტური განჩინება, რომ მსგავსი არაფერი ხდებოდა, სააკაშვილს არ კლავდნენ და საქართველოს სასამართლო და პენიტენციური სისტემა მოქმედებდა კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებითაც საფუძველი არ არსებობს, რომ სტრასბურგმა უარყოფითი დასკვნა დადოს და შეაჩეროს ეს კანონი, ვინაიდან საფრანგეთისა და ამერიკის კანონები გაცილებით მკაცრია, ასევე, მკაცრია სხვა ქვეყნების კანონები. აქ საუბარი იმაზე, რომ ამერიკა და საფრანგეთი ცდილობენ არ შეუშვან საკუთარ ქვეყანაში მათი სახელმწიფოებრიობისთვის სახიფათო დიქტატორული ქვეყნებიდან (ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან) შესული თანხები, ხოლო საქართველოს თურმე არასწორად აფრთხობს, როცა დასავლური „დემოკრატიისგან“ შემოდის ფული. ცხადია, ასეთი ლოგიკა მტკიცებულება ვერ იქნება“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსის თქმით, ევროპულმა სასამართლომ გამჭვირვალობის კანონის შესახებ უარყოფითი დასკვნა რომც გამოაქვეყნოს, ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო რამ, რითაც სტრასბურგის სასამართლოს მოეჭრება თავი მთელი მსოფლიოს წინაშე. სტრასბურგის სასამართლო არგუმენტებით მოქმედებს, ეს არ არის ვენეციის კომიტეტი, სადაც სააკაშვილის ადვოკატის მიერ იყო დაწერილი სისულელეები.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მხარს დაუჭერს ამ კანონს, რის შემდეგაც ამ კანონს სტრასბურგში გაასაჩივრებენ არასამთავრობოები.
„ყველაფრის მიუხედავად, სტრასბურგის გადაწყვიტილება არ შეაჩერებს „გამჭვირვალობის კანონის“ მოქმედებას, გახსოვთ, ალბათ „რუსთავი 2“-ის საქმე, მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისთვის გადაცემის საკითხი და განხილვა დაიწყო. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რანაირად დაასაბუთებს საკონსტიტუციო სასამართლო „გამჭვირვალობის კანონის“ სამართლიანობას, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგი დაიწყებს ამ საქმის განხილვას“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.