„გაიწვიეთ ეს კანონი, ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი, რომლის განცხადებით, უნდა დააჩქარონ მუშაობა რეფორმებზე და გადაჭრან კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ამასთან პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არ არის საუბარი საქართველოს, ან რომელიმე პირის მიმართ სანქციებზე, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ ეტაპზე, ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
„ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის არის ის, რომ ჩვენი სანქციები მიიღება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთხმად. ასე რომ, იმისთვის, რომ ჩვენ დავთანხმდეთ ვინმეზე სანქციების დაწესებას და ჩვენს შემთხვევაში, საუბარია აქტივების გაყინვაზე, საჭიროა 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, კანონს ვეტო დაადო.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია. მისი თქმით, საჭიროა დისკუსია, მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის.
„სანამ მე ვიტყოდი, პრემიერსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ თქვა, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ, ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია ისეთი ტერმინოლოგია თუ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს, დააწყნარებს და იმას მიაღებინებს, რაც მისაღებია, მე მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.
რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორებ, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს უნდა გაგრძელდეს. რაზე უნდა დაასანქცირონ საერთოდ, აი, რატომ უნდა მოხდეს? სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ, ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ, ერთი მხრივ, ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავმდჯომარის განცხადებით, ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს.
„საქართველოს მიმართ სანქციებს, როგორც ზემოქმედების ბერკეტს, აქამდე რუსეთი იყენებდა. თუკი ვინმეს უნდა საქართველოს მიმართ რუსეთის გზას დაადგეს და ბერკეტად გამოიყენოს სანქციებზე გადაწყვეტილებები, ეს მათი გადასაწყვეტია და ამ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ. ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს და შეზღუდვებს, როგორც ზემოქმედების ინსტრუმენტს, რუსეთი იყენებდა.
თუკი ვინმეს უნდა, რუსული მეთოდებით მოახდინოს ქართველ ხალხზე გავლენა, ზუსტად იმ პასუხს მიიღებს, რასაც რუსეთი ქართველი ხალხისგან იღებდა. ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ რუსეთი ხან ემბარგოს გვადებდა, ღვინო ვერ გაჰქონდა ქართველ გლეხს, ხან რა იყო და ხან რა. ქართველი ხალხის მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას. ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსულად მოიქცევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული, რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ კანონის მიღებით უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობაში - ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის.
„მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კურსი შეენარჩუნებინა. ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ინვესტიციებზე, მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ არის და როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში უქმდება ჯავშნები, სწორედ ეს მოიტანა პირველივე დღეებში „რუსული კანონის“ მიღებამ.
„რუსული კანონით“ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას და სწორედ იქიდან შემოდინებულ ფინანსური დახმარებები იყო საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკის გარანტი. ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე. ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელმაც დღეიდან დაიწყო შექმნა. თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაიტანს თავისას მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველო ჩართულია ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ნეოკოლონიალიზმის მედროშე და ხელმძღვანელი, მისი თქმით, არის 21-ე საუკუნის ქართველი სიმონ ბოლივარი-ბიძინა ივანიშვილი. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დასავლეთის სახელმწიფოებს საქართველო გონიათ კოლონიური ქვეყანა.
„მათი საქართველოსადმი მოქმედება არის წმინდა წყლის კოლონილური. მათ უნდათ საქართველო ფორმალურად იყოს დამოუკიდებელი და არ ჰქონდეს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი. მიმდინარეობს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესი, ამიტომ რეგიონში ძალიან დაძაბულია სიტუაცია. ერთმანეთს ებრძვიან სხვადასხვ მსხვილი მოთამაშეები, მათ შორის აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვა რეგიონალური სახელმწიფოები. აშშ-მა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო თამაში. რა განცხადებასაც ევროკავშირის სახელმწიფოები აკეთებენ, სინამდვილეში ამას ლაპარაკობს აშშ. თავად არ უნდათ გამოჩნდნენ და გამოაჩინეს ის გაერთიანება, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი. ამიტომ, არავინ არ იფიქროს, რომ იმ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში თავისი ნებით ჩამოვიდნენ და თავისი ნებით გააკეთეს ის განცხადებები - არც ერთ შემთხვევაში. ამას ლაპარაკობდა ბაიდენის უდღეური ადმინისტრაცია“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი არ გამოვრიცხავს, რომ გამოყენებული იქნას სანქციები, თუმცა თვლის, რომ არა მხოლოდ 83 დეპუტატის, არამედ შესაძლოა, მთელი საქართველო დაასანქცირონ. მისი თქმით, არის სიტუაცია, როდესაც თუ დამოუკიდებლობა და სრული სუვერენიტეტი გინდა, აუცილებლად უნდა გაიტანო ის გასატანი, რასაც ძველ ქართულში ჰქვია - ლელო.
„ლელოა გასატანი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ტესტი - გავუძლებთ, თუ ვერ გავუძლებთ. მე, მგონია, რომ გავუძლებთ. გავხდებით სუვერენული ქვეყანა და ანგარიშს გაგვიწევენ. ვერ გავუძლებთ და ყოველ წელს გვექნება ასეთი რყევები. ამიტომ, საჭიროა ხელისუფლებისა და ხალხის ერთად დგომა, როგორც ეს 17 მაისს გამოვლინდა, როდესაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიტანს.
ვინაიდან ჩვენ ვართ მართლები და ვიბრძვით იმ სამართლიანობის დასაცავად, რომელსაც ჰქვია - მამული, ენა, სარწმუნოება. ამიტომ, ვერავითარი სანქციები, დამუქრებები, შანტაჟი და ზეწოლები ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაგვახვევინებს იმ გზიდან, რომელიც არჩეული აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებამ რომ ახლა უკან დაიხიოს, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება დიდგორის ომში საბოლოოდ დამარცხება და საქართველოს განადგურება. ჩვენ თუ ეს ბრძოლა წავაგეთ, გაგვანადგურებენ, ამიტომ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, გნებავთ მთელი საქართველო აკვნის ბავშვამდე დაგვასანქცირონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
,,Politico-ს ინფორმაციით, სანქციების სამიზნე ასევე იქნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც ხელი შეუშალეს "უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს."
ნუ, ვიღაც გაყიდულ კონგრესმენს რომ კანონპროექტი შეაქვს კონგრესში, ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
მაგრამ როცა ასეთი, ბოდიში და სუვერენულ ქვეყანაზე თავზე დაქაქება შეაქვს ტექსტსში, ეს ყოველგვარ სითავხედეს სცილდება.