საქართველოში დაძაბული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, რუსეთმა აქტიურობა დაიწყო. პუტინის პროპაგანდისტები ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განცახდებას აკეთებენ. მათი კომენტარები ძირითადად, თითქოს ხელისუფლების მხარდამჭერია, არადა რეალურად, ამით ოპოზიციას ხელს უწყობენ იმაში, რომ „ოცნების“ „პრორუსულობის“ შესახებ ნარატივი გაამყარონ. ოპოზიციაც და მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებებიც მათ განცხადებებს აქტიურად იყენებენ და საზოგადოების დაჯერებას ცდილობენ, რომ „ოცნება“ კრემლთან აქტიურად თანამშრომლობს და თითქოს დირექტივებს იქიდან იღებს.
რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თავისი გადაცემის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თითქოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ქვეყანაში მცხოვრები რუსების საკითხზე ესაუბრა. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების გამოძევებას აპირებენ, რომლებიც რუსული კანონის საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.
„რელოკანტებთან (საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებთან) პრობლემაა... დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, თქვეს, რომ ქვეყნიდან გამოაძევებდნენ, რადგან აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს... ამიტომაც გამოძევებას აპირებენ“, - თქვა სოლოვიოვმა.
ვინ არიან ეს წარმომადგენლები ან ვინ იგულისხმება წარმომადგენლებში, როგორ შედგა საუბარი - სოლოვიოვს დეტალებზე არაფერი უთქვამს.
საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ კი რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს: „აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გარე ძალები დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში ვითარების არევას, ოპოზიციის მობილიზებას მთავრობის წინააღმდეგ რეაქციული ქმედებებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბერალურ, დასავლურ და ანტიეროვნულ რეფორმებს. ატლანტისტებს სურთ, რომ საქართველომ ახლანდელი მოლდოვისა და სომხეთის გზით იაროს, რომლებიც ევროინტეგრაციისთვის დასავლეთის ნებისმიერ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობას დღეს ესმის, რომ ერთსქესიანთა ქორწილების ლეგალიზება, რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და დასავლური ლიბელარული ტექნოლოგიების ჩანერგვა, რომლებიც ქართველებს რუსებისა და სხვა ერების წინააღმდეგ აწყობენ, ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს“.
„ოცნების“ მხრიდან ამ ეტაპზე დუგინის და სოლოვიოვის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. მათ ჯერჯერობით, კომენტარისგან მედიასთან თავი შეიკავეს და ეს 17 მაისის სადღესასწაულო დღით ახსნეს და უცნობია უპასუხებენ თუ არა კრემლის პროპაგანდისტებს.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე მიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამაზე პასუხი საჭიროა, რადგან კრემლი ნაცად ხერხს მიმართავს და საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს. მამარაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დუგინის და სოლოვიოვის განცახდებები ჰიბრიდული ომის ნაწილია, თუმცა ეს განცხადება არ არის „ოცნების“ მხარდამჭერი, პირიქით, ეს არის ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს.
„სოლოვიოვი არის ის ფიგურა, რომლის განცხადებებიც არანაირ ნდობას არ იმსახურებს, მით უმეტეს ასეთი უცნაური განცხადება და საუბარი იმაზე, თითქოს მას კონტაქტი ქართველ დეპუტატებთან აქვს. განცხადებები, რომელსაც სოლოვიოვი და დუგინი აკეთებენ, ყველაზე მეტად წყალს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს. ეს მათთვის არის ვითომ „მტკიცებულების“ მიცემა, რომ აი, ხომ ხედავთ, სოლოვიოვიც კი იმაზე საუბრობს, რომ „ოცნება“ კრემლიდან იმართება. მათთან კონტაქტზე არიან და ა.შ. თუ ვინმეს რუსეთის მხრიდან მსგავსი განცახდებები აწყობს, ეს ოპოზიციაა და მათთვის პოლიტიკური ქულების ჩაწოდებაა.
ეს არაა „ოცნების“ მხარდამჭერი განცახდება, ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა, რათა ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფორ დაიძაბოს. ჩემთვის სააკაშვილის და მისი თანამზრახველების კონტაქტები რუსეთთან ძალიან კარგად არის ცნობილი. გიული ალასანიას ცნობილი განცხადება გვახსოვს ალბათ, როცა სააკაშვილი არაჟანთან ერთად ქვეყანაში შემოიპარა -„ახლა, მთავარია რას იტყვის რუსეთი ამაზე“. ამიტომ რუსეთის და ნაციოანლების შეთანხმებული მოქმედება გამორიცხული არ არის“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ საქრათველოს ხელისუფლებამ მიტინგზე დგომის გამო რუსეთის მოქალაქეები დააკავოს და ქვეყნიდან გააძევოს. თუკი კანონს დაარღვევენ, რა თქმა უნდა, პასუხს ისინიც აგებენ.
„რუსეთი იმდენად უხეშად მოქმედებს და გაუაზრებლად, რომ შედეგებს ხშირად არც უფიქრდებიან. სამწუხაროდ, დასავლეთიდან ისეთი განცხადებები კეთდება და მოქმედებას ვხედავთ, რომ რუსეთმა აქტიურობა უკვე ღიად დაიწყო. რუსეთისთვის ახლა საჩუქარია დასავლეთიდან წამოსული ეს თავდასხმები „ქართულ ოცნებაზე“. ისინი ამით ზეიმობენ ახლა და ერთი სული აქვთ ჩვენი ქვეყანა რამით დაზიანდეს. მე სულ ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაწესებული სანქციები, პირველ რიგში, დააზიანებს ქვეყანას და ხალხს, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ხელის კვრა და რუსეთისკენ ბიძგი. სწორედ ამას ელოდება კბილებალესილი რუსეთი და მათი განცახდებებიც ამის ნათელი მაგალითია“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, დიდი დანაშაულია, როდესაც რუსთაველის მოედანზე მისულ ბავშვებს ატყუებენ, რომ ამ კანონის გამო ევროკავშირში აღარ მიგვიღებენ. რეალურად, სანამ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსების მიერ, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს.