საპროტესტო აქციებზე რევანშისტული პოლიტიკური ძალები ახალგაზრდებს ამოეფარნენ და შეეცადნენ ისინი ე.წ. სასარგებლო იდიოტებად გამოეყენებინათ. ახალგაზრდებს გარდა, ომის პარტიის მესვეურებმა ფსონი ხელმოცარულ ქართველ პოლიტიკოსებზეც დადეს, მათ შორის, მარგველაშვილზე, გახარიაზე. სხვათა შორის, ამ აქციებს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც და მანაც ხელისუფლების ქმედება დაიწუნა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა უწინასწარმეტყველა.
იმ დროს, როცა მთელი სანაცეთი ჩასაფრებულია, ხელისუფლებას მართვის სადავეები ხელიდან დაუსხლტეს, ვის წისქვილზე ასხამს წყალს საპროტესტო აქციების წამახალისებელი განცხადებები? მით უმეტეს, რომ სააკაშვილი „ვივამედიდან“ რევოლუციისთვის დირექტივებს იძლევა, დავით ბაქრაძისგან კი გვესმის, რომ გამოსავალი მხოლოდ მთავრობის გადადგომაა, ხოლო „ნაცმოს“ წევრი ლაშა ფარულავა მოითხოვს, პროტესტი შენარჩუნდეს მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ხელისუფლების გადაბარებაზე.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, რომელთაც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები გულწრფელ ახალგაზრდებად მოიხსენიებენ. სინამდვილეში, ამ აქციებში მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარია-ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც მოძალადე ახალგაზრდებს აერთიანებს.
კობახიძე აცხადებს, რომ ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. ასევე, აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილის და უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და სხვა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, აქციაზე დგომით კარგ საქმეს აკეთებენ.
საინტერესოა, ასეთ მძიმე ვითარებაში აცნობიერებენ თუ არა ნებით და უნებლიეთ „ნაცებისთვის“ ხელშემწყობი ადამიანები, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, „ნაცები“ სწორედ მათ მიუბრუნდებიან?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გააჩნია, ტერმინ „სასარგებლო იდიოტში“ რა იგულისხმება. გახარია, კვირიკაშვილი და სხვები ძალიან მდიდარი ადამიანები არიან, რომლებმაც ფული შესაბამისი ხერხებით იშოვეს.
„გახარია რომ გახდა „სპოილერი“ ქალაქის მერის არჩევნებზე, გასაგებია, ვინც დააფინანსა, თორემ თვითონ ძალიან კარგად იცოდა, ვერ გახდებოდა ქალაქის მერი. დავით ბაქრაძეს რაც შეეხება, მას მამიკო ურიცხავდა ინგლისურ ფუნტებს, მრავალათასიანს. ასეთ მდიდარ ადამიანებს პატიოსნად მომუშავე ხალხი ჰგონიათ იდიოტები, რომლებიც სჯერდებიან თავიანთ მიზერულ ხელფასს. მარგველაშვილს რაც შეეხება, შეიძლება კორუფციის მხრივ ნაკლები ცოდვები ჰქონდა, მაგრამ ცალკე თემაა, თავის დროზე მარგველაშვილმა როგორ დაისაკუთრა „ჯიპა“, როგორ გახდა მისი პრეზიდენტი, ჟვანიასთან ახლობლობით როგორ წაართვა ეს საგანმანათლებლო დაწესებულება მას, ვინც ეს მართლაც შექმნა. მარგველაშვილი არის კაცი, რომელმაც, როგორც ფილოსოფოსმა, დაწერა, თითქოს ქართველი ერი დაავადებულია დაუნის სინდრომით, ამიტომ ამ ერს არაფერი ეშველებაო. მარგველაშვილს დაუნი ჰგონია სხვა“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მანვე განმარტა, რომ კატასტროფულია, როდესაც ელაპარაკები ადამიანს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემაზე, მათ შორის, იმაზეც, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის უძლიერესი ბაზები და იარაღია და ეს ბაზები თბილისთან 30 კილომეტრშია და, ამის მიუხედავად, ადამიანებს სჯერათ, რომ სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო არ შეგვიშვებენ ევროგაერთიანებაში. ამ ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ სწორედ რუსეთის ბაზებია ისეთი ფაქტორი, რომ არც არავინ განიხილავს ჩვენს შესვლას ევროგაერთიანებაში.
პეტრე მამრაძე ადასტურებს, რომ „ნაცები“ გულანთებულ ახალგაზრდობას, ახალგაზრდა ქალბატონებსა და ვაჟებს სასარგებლო იდიოტებად იყენებენ, რომელთაც ახალგაზრდული ასაკის გამო უნდათ ერთად ყოფნა, ერთად სირბილი. მით უმეტეს, ყველამ იცის, ახალგაზრდულ ასაკში მეგობრობის როგორი გრადუსია, ეს ახალგაზრდები თავს იქებენ იმით, რომ რუსთაველზე ერთად დგანან, წყლის ჭავლის ქვეშ, უხარიათ ისიც, როცა სკანდირებენ „არა რუსეთს, კი ევროპას“, ამ დროს კი არ იციან, რა შუაშია ევროპასთან და რუსეთთან ეს კანონი. დაახლოებით ეს ისეთივე ლოზუნგია, რომ თურმე ციხეში შიმშილით „კლავენ“ სააკაშვილს.
ანალიტიკოსის აზრით, ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი ერთადერთია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს ერთგვარი სიმტკიცე და შიგნით, გუნდში, არ იყოს რყევა, რაც იყო გავრილოვის ღამის შემდეგ, როცა ხელისუფლებიდან გარკვეული ნაწილი წავიდა.
„ეს თქვა ზუსტად კობახიძემ, შარშან იმიტომ გავიწვიეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ ჩვენს გუნდში ბევრი შფოთავდა ამ კანონის გამოო. პირადად მე „ქართული ოცნების“ გუნდში რომ ვყოფილიყავი, თავიდანვე უარს ვიტყოდი სიტყვა „აგენტის“ ჩაწერაზე, რადგან ეს სიტყვა საქართველოში კონტრპროდუქტიულია და ხალხს აგიბუნტებს. ამ ფონზე მუშაობს „ნაცების“ სამი მძლავრი ტელევიზია, მოხერხდა ასეთი ტალღის აგორება, რადგან თანამედროვე ეპოქაში საზოგადოებრივ აზრს მართავს ფეისბუკი, ტვიტერი, ტიკ-ტოკი, ინსტაგრამი. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. უცნაურია, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტობა ყვირის, „დაწყებული მდინარეთით, დამთავრებული ზღვით, პალესტინა უნდა იყოს თავისუფალი“. როცა ეკითხებიან ამ ახალგაზრდებს, მაინც რომელი მდინარე, რომელი ზღვა იგულისხმეთ? ამაზე პასუხობენ - ამაზონი, მისისიპი, ნილოსი, ატლანტიკის ოკეანე, ანუ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ყვირიან. არ იციან, რომ იორდანესა და ხმელთაშუა ზღვაზე უნდა ილაპარაკონ და არა ამაზონსა და ნილოსზე. საქართველოშიც იგივე ხდება“, - აცხადებს პეტრე მამრაძე და მიიჩნევს, რომ რა უნდა ვუთხრათ გულანთებულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მეგობართან თუ შეყვარებულთან ერთად დარბის რუსთაველზე, როცა ამერიკის წინა ელჩმა - კელი დეგნანმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ თქვა, „ეს ტექსტი მე არ წამიკითხავს, არც წავიკითხავ, მე გეუბნებით, რომ ეს არის რუსული“.
ანალიტიკოსის აზრით, ზუსტად ესაა ჩეკისტური განცხადება, „არ წამიკითხავს, არ მაინტერესებს და მორჩა“. ასე იყო პასტერნაკის „დოქტორ ჟივაგო“ რომ დაგმეს, ნობელის პრემიის ლაურეატის წიგნი. მაშინაც ყველა მწერალი გამოდიოდა, „არ წამიკითხავს, არც წავიკითხავ, მაგრამ ვიცი, რომ საშინელებააო“. რატომღაც არავინ აკონკრეტებდა, საიდან იცოდნენ, რომ საშინელება იყო? ვინ უთხრა? ვის ენდნენ?
ამიტომ, პეტრე მამრაძის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ახსნა-განმარტებაა საჭირო. მმართველმა გუნდმა უნდა აუხსნას ხალხს, რომ პოლიცია ყველაფერს თვალს ადევნებს, მაგრამ ცდილობს, არ წამოეგოს პროვოკაციას დესტრუქციული ძალების მხრიდან, რომლებსაც სურთ შეტაკება ხალხსა და სამართალდამცავებს შორის.
„ზოგიერთი ბრაზობს, პოლიცია სად არის, გმირთა მოედანზე ვერ გავიარეო? ერთი მუჭა ახალგაზრდები დგანან, აგურები უწყვიათ და ვერ გაუვლია ხალხს. სინამდვილეში, ერთ ახალგაზრდას ხელს დაავლებ და ასი იმდენი მოვარდება. ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუკი თავს გამოაყენებინებენ „ნაცებს“ და ისინიც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, „ნაცები“ მათაც არ დაინდობენ. „ნაცები“ და, პირველ რიგში, სააკაშვილი ძლიერები არიან ლოზუნგებსა და მოტყუებაში. თავიდან, სანამ არ აღადგენენ სრულ კონტროლს ძალოვან სტრუქტურებზე, სანამ სასანართლოს არ აქცევენ პროკურატურის მორჩილ ფილიალად, სანამ არ დაიწყებენ პოლიციაში წმენდას, სასტიკი წამების აღდგენას და სასტიკი რეჟიმის ინსტრუმენტებს არ ააშენებენ, მანამდე თვინიერები იქნებიან. მანამდე დაიწყებენ მოფერებას, შეხვედრებს უნივერსიტეტებში, ჩახუტებას სტუდენტებთან, ახალგაზრდების დაწინაურებას. ხოლო, როცა ააშენებენ „ნაცები“ ავტორიტარულ რეჟიმს, ნებისმიერს მიუჩენენ ადგილს, ვინც არ აწყობთ“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.