„კეზერაშვილი სხვადასხვა ხვრელებით ცდილობს, მიმდინარე აქციები დააფინანსოს, აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელია „ლელოც“

„კეზერაშვილი სხვადასხვა ხვრელებით ცდილობს, მიმდინარე აქციები დააფინანსოს, აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელია „ლელოც“

ვინ დგას რეალურად საპორტესტო აქციების უკან და ვინ არის რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების ორგანიზატორი? - ბოლო დღეების განმავლობაში ეს კითხვა აქტუალური, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე იმ ახალგაზრდებშიც გახდა, რომლებიც აქციის მონაწილეები არიან. სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე ახალგაზრდები ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და წერენ, რომ აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდების ნაწილის სცენაზე გამოსვლას ბლოკავს. ისინი მხოლოდ შერჩევით აძლევენ სიტყვას იმ სტუდენტებს, რომელბიც მათი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ. შერჩევით ხდება ასევე სცენაზე პოლიტიკოსების გამოსვლაც. მაგალითად, „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი და დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სცენაზე არ აუშვა და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებში პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.

აქციების ორგანიზატორების დადგენას ითხოვს ასევე მმართველი გუნდი. ხელისუფლებაში აქვთ ეჭვი, რომ ახალგაზრდების პროტესტს „ნაციონალური მოძრაობა“ აორგანიზებს. სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტია უზრუნველყოფს დემონსტრაციებს ფინანსური და ტექნიკური საშუალებებით. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ლოჯისტიკურ ავტომობილზეც, რომელიც მსვლელობებს წინ მიუძღოდა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ უარყოფის მიუხედავად, საზოგადოებისთვის ყველაფერი ისედაც ნათელია - აქციების მიღმა სწორედ ოპოზიცია დგას. ამას, მმართველი პარტიის თქმით, მათი სცენაზე გამოსვლა და პოლიტიკური განცხადებებიც ადასტურებს.

აქციების ორგანიზებას უარყოფენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმ პოლიტიკურ პარტიებშიც, რომლებიც პროტესტში ყოველდღიურად მონაწილეობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ დემონსტრაციებს სათავეში ახალგაზრდები უდგანან და თავად მხოლოდ მონაწილეები არიან.

განსხვავებული პოზიცია აქვთ „გირჩში“, პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, აქციებს ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ უწევდეს. ამის პარალელურად, იაგო ხვიჩიას აქვს ეჭვი, რომ ორგანიზებაში მესამე სექტორიც ჩართულია, თუმცა მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ცდილობენ ორგანიზატორები ამ ყველაფრის დამალვას.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რეალურად ამ აქციების უკან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილის თუ კეზერაშვილის ფლანგი. აბაშიძე აცხადებს, რომ არავის სჯერა ნანუკა ჟორჟოლიანის ტყუილების, თითქოს ეს აქციები შემოწირული თანხებით ფინანსდება.

„ის სცენა, განათება და ყველა დანარჩენი ინვენტარი, რომელიც აქციის დროს გამოიყენება, დღეში 50 ათსი ლარი ჯდება. ლამის, ერთი თვეა ეს აქციები მიდის და აბა, დაითვალეთ, რა თანხა უჯდებათ ამ ყველაფრის ორგანიზება. შემდეგ იქ საკვები, საწვიმარი პლაშები, აირწინაღები, რომელიც არცთუ იაფი ჯდება. ეს ყველაფერი თურმე იმ სტუდენტების შემოწირულობებიდან ფინანსდება, რომელთაც ხშირად სწავლის გადასახადის გადახდაც უჭირთ. ეს ხომ სისულელეა და ამას არავინ დაიჯერებს. 16-17 მაისს აიღეს სცენა, რომ დამატებით 100 ათასი ლარი არ გადაეხადათ. ეს ზუსტად იგივე სცენარია, რაც იყო ვარდების რევოლუციის წინ. შემდგომში იყო მაიდანზე უკრაინაში და აქაც ზუსტად იგივე სცენარით მოქმედებენ. მათ აქვთ ასევე საგარეო აქტორებიდან წაქეზება და იმაზე მეტი მტკიცებულება რაღაა, როცა ბალტიისპირეთის 4-მდე საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე მივიდა. ფინანსურად ისინი „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ავაზაკი მილიონერებისგან იღებენ დაფინანსებას. თუმცა ნელ-ნელა ყველა ყველაფერს მიხვდა და ცხადია, რომ ახალგაზრდებს დიდხანს ვეღარ მოატყუებენ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, 17 მაისს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამოსულმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმარვლესობის აზრს რუსთაველზე შეკრებილები არ გამოხატავენ.

„მავნებლური ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად 150 ათასამდე ქართველი კიდევ 17 მაისს გამოვიდა. დასავლეთიდან ზოგიერთი სამარცხვინო აქტორი ქართველ ხალხს სწორედ ამ რწმენის და ოჯახის სიწმინდის ცნების გამო დასცინის. საკმაოდ გაბრაზებული იყო ხალხი ბუნდესტაგის სამარცხვინო დეპუტატის როთის გამო, რომელმაც ჩვენს ეკლესიას და ფასეულობებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ ეს ყველაფერი ფუჭია გრძელვადიანად რომ გადავხედოთ.

დიდი ხანია არაა ასევე საჭირო, რომ ამ აქციაზე მყოფი მოტყუებული ბავშვებიც მალე გამოფხიზლდნენ. ჩვენ ამის ნიშნები უკვე დავინახეთ, როცა აქციაზე, სცენაზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერები გამოჩდნენ. შეძახილები ვნახეთ მათ მიმართ და დამცინავი დამოკიდებულება. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აქციაზე აქტიურობენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ლევან ყორშია, ე.წ. უფლება დამცველი ბაია პატარაია და მკვლევარი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც კარგ პროფესიონალად ვიცნობდი, ახლა კი ექსტრემისტად არის გადაქცეული. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ასაკის გამო აქვთ ხოლმე ამ პროტესტის განცდა, ეს მანიპულატორები ოსტატურად იყენებენ. თუმცა ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება“, - ამბობს აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ აქციას რამდენიმე დონორი ჰყავს, ესენი არიან დავით კეზერაშვილი, „ლელო“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათთან აფილირებული ბიზნესმენები.

„დავით კეზერაშვილი სხვადასხვა „ხვრელებით“ ცდილობს ქვეყანაში ქეშად ფული შემოიტანოს, რათა რადიკალებს დაახარჯოს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები დააფინანსოს. ასევე ცნობილია, რომ აქციების ერთ-ერთი დამფინანსებელია „ლელო“. ეს ხალხი ცდილობს, რომ როგორმე რადიკალიზმი გაღვივდეს, ამ მღვრიე წყალში კი თევზი დაიჭირონ. ვხედავთ, როგორ აქეზებენ ბავშვებს, მიუქსევენ პოლიციას, მერე თავად გატრუნულები სეირს შორიდან უყურებენ. საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდები ამ ყველაფერს თავისით აორგანიზებენ და შემოწირულობებს აკეთებენ, სისულელეა, რომელსაც ვერავის ვეღარ დააჯერებენ. თუნდაც ამ აპარატურის ქირაობა რა ჯდება რომ გადავხედოთ, ეს არის კოლოსარულ თანხებთან დაკავშირებული. თუნდაც სცენა, რომელზეც ეს ხალხი გამოდის, რა ღირს მისი განთავსება ქალაქის ცენტრში, ალბათ, არავინ ამას არ დაიჯერებს, რომ ეს ხდება ამ სტუდენტი ბავშვების შემოწირულობით.

სცენის თავში ვინც იდგა და ვინც ფილტრავს ხალხს, ისინი არიან ორგანიზატორებიც. ერთი და იგივე ხალხი დაჰყავთ მედიაშიც, ერთი და იგივე ხალხის გაპიარება ხდება და რეალურად, ამ ბავშვებს ფარად იყენებენ. მათ სიტყვის სათქმელად სცენაზეც არ უშვებენ, იმიტომ რომ მაგაში ფულს თავად იხდიან. ეს არის აკერმანის მეთოდები, ძალიან მარტივია თუ როგორ შეიძლება ასეთი თანხები დაიმალოს, შეიფუთოს თითქოს ხალხი თავისი ჯიბიდან იღებს ამ ყველაფერს. თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ვითომ ეს იყო ბუნებრივი პროტესტი და ხალხი თავისით გამოდიოდა. კი ბატონო, არის ხალხი, რომელიც მიდის იქ, მაგრამ მათ ამ გულწრფელ ემოციებს ვინც იყენებენ, ფაქტი სახეზეა“,-ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, უკვე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის გაჩნდა დაპირისპირება. ქადაგიძე ამბობს, რომ ბევრი ახალგაზრდა მიხვდა როგორ ატყუებენ, ამიტომ ამ აქციებს უკვე მილევადი პროცესი აქვს და ეს ამ დღეებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.