ბოლო წლების განვლობაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ, თუმცა ამის მიუხედავად დასავლეთი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს, რასაც ადასტურებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც აკერმანის ორგანიზაციას წარმოადგნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ, სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად, მტრად იქცევა.
რა გეგმები აამუშავა დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, როგორ შეიძლება აიხსნას დასავლელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ანტისახელისუფლებო აქციებში?
რამაზ საყვარელიძე: თანამედროვე ევროპამ ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგა. გავიხსენოთ მაკრონის პოზიცია, საერთოდ ეჭვის ქვეშ აყენებდა ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებას, მაგრამ თითქმის ყველა მხრიდან არის ევროპის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. აგერ, ინგლისი საერთოდ გავიდა ევროკავშირიდან. საყურადღებოა ის, რომ ევროპას ბევრი მხრივ აქვს კრიზისი, დღეს, ევროპული ცივილიზაცია კრიზისშია. ამას თავისი ფილოსოფიური-პოლიტიკური და სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკური ასპექტები აქვს. ნუ გამოვეკიდებით ძალიან მკაცრად, თუმცა გვქონდეს მკაფიო პოზიცია. კრიზისში მყოფი ევროპის ყველა ნათქვამის მიღება დაუშვებელია ყველასთვის და მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის.
როგორ ფიქრობთ, ევროპა ვერ ხვდება, რა არის მისთვის სასარგებლო ან მავნებელი?
- არა, ვერ ხვდება და ამიტომ ადგამს ამ ნაბიჯებს, რომელიც ანტიევროპულ განწყობილებას ზრდის მთელ მსოფლიოში. ამერიკაც იგივეს აკეთებს და ვერ ხვდებიან, რომ ანტიდასავლური განწყობები თუკი გაძლიერდა, დასავლეთს მთელი ხიბლი დაეკარგება და მასზე ორიენტაცია მხოლოდ ისეთი იქნება, როგორც მუსულმან მიგრანტეებს აქვთ - ფული წაგლიჯონ ევროპას და მერე იცხოვრონ მხოლოდ თავისი წესის და რიგის მიხედვით, რასაც აკეთებენ კიდეც მუსულმანი მიგრანტები და დასავლეთი მათ წინაშე უძლურია. ეს მუსულმანები ისევე ცხოვრობენ, როგორც თავ-თავიანთ ქვეყნებში. აი, ეს ევროპა, რომელმაც ვერ მოახერხა მუსულმანების პრობლების მოგვარება თავისთან, აქეთ, ჩვენ გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ და ამაზე სერიოზული რეაქციის მიცემა მგონია, რომ არ შეიძლება. ღიმილით უნდა გაატარო და დაუცადო, სანამ უფრო გონიერ სტრატეგიაზე არ გადავლენ. დღეისთვის დასავლეთის სტრატეგია მათთვისვე დამღუპველია და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიუღებელია ჩვენთვის.
პრაქტიკულად, მთელი დასავლეთი მუშაობს იმაზე, რაც კიდევ უფრო მიუღებელია საზოგადოებისთვის და ჩვენს შემთხვევაში ეს კარგად ჩანს, ანტიევროპულ განწყობას ხელს უწყობს თავად დასავლეთი...
- და, აი ეს დემოკრატიის დამცველი დასავლეთი დღეს შენს პოლიტიკაში ერევა. მიგითითებს, რა კანონი უნდა მიიღო და რა არა, ხელისუფლებაში ვინ უნდა გყავდეს და ვინ არა. მთელი ეს ორომტრიალი ხომ იმისთვის არის ახლა მოწყობილი, რომ უნდათ შეცვალონ ხელისუფლება და ყავდეთ ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არ ჰქონიათ. 9 წელი იყო ხელისუფლებაში „ნაციონლური მოძრაობა“ და ერთი შენიშვნა არ თქმულა ხმამაღლა. ადამიანის უფლებათა დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია, საერთოდ. ყველა განწირული იყო გარშემო, რამაც 2012 წელს, მთელი ერი დააყენა საარჩევნო ყუთებთან. მთელი ერის ამ გადაწყვეტილებასაც აღარ სცემენ პატივს და რახან თვლიან, რომ მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, დემოკრატიის სტანდარტებს, ეთიკას დიპლომატიურს, თუ პოლიტიკურს უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას და იქცევიან ყოველგვარი ეთიკის გარეშე. მაგრამ ვიმეორებ, დღეს ისინი ძალიან ცუდ დღეში არიან თვითონ, არ უწყიან რას შვრებიან და ამიტომ მათთზე სერიოზული რეაქციის მიცემა, მე მგონია, არაა გამართლებული, თუმცა აუცილებელია პრინციპული პოზიციის ჩვენება. ის, რასაც ისინი აკეთებენ საქართველოსთვის, ქართული ხალხის დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.