სოზარ სუბარი პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტებზე: ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, რადგნ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის

სოზარ სუბარი პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტებზე: ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, რადგნ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის

ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტიდან გაწვეული კანონპროექტების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ, ეს შეცდომა კი არ იყო, არამედ კიდევ კარგი, რომ წარვადგინეთ ეს კანონი. მოდით, ერთმანეთისგან გავყოთ შინაარსი და რეაქცია, რომელიც მოჰყვა. შინაარსი იყო აბსოლუტურად უწყინარი - საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და იმ მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. „აგენტი“ ამ შემთხვევაში არის მიღებული სიტყვა დასავლეთში, თუმცა პირველივე საკომიტეტო განხილვაზე ითქვა, რომ მზად ვართ შევცვალოთ ეს ტერმინი, თუ ეს არის პრობლემა. ეს არ იყო მთავარი - საერთოდ არ აინტერესებდათ არც სტატუსი და არც სახელი, სხვა მიზანი იყო ამაში ჩადებული. ამიტომაც დღემდე კეთდება დასავლეთიდან განცხადებები ამ კანონთან დაკავშირებით, როცა პარალელურად მიდის ლაპარაკი მსგავსი კანონის მიღებაზე ევროკავშირის დონეზე, ბრიტანეთს მიღებული აქვს თემთა პალატაში და ლორდთა პალატის დამტკიცებას ელოდება, ამერიკის, ავსტრალიისა და კანადის კანონებზე აღარ გავიმეორებ. ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ“, - აცხადებს დეპუტატი.