უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის გეგმები არ გვაქვს, თუმცა დავიცავთ ნატოს ყველა მოკავშირეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ დავეხმარეთ მათ უფრო თანამედროვე ქმედუნარიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ დავეხმარეთ მათ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. ჩვენ მათ ვეხმარებოდით კიბერთავდაცვაში ნატოს მოკავშირეებთან ერთად, თუმცა ჩვენ არ გვყავს ნატოს ჯარები უკრაინაში და ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმები არ გვაქვს. თუმცა, ჩვენ დავიცავთ ნატოს ყველა მოკავშირეს. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ნატოს მოკავშირეებს უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს ვაძლევთ. ჩვენ ამ ერთგულებას ვავლენთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობის გაზრდით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატოს მოკავშირეები რუსეთის უკრაინაში შეჭრას მკაცრად გმობენ.
„რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და დიპლომატიის გზა აირჩიოს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის უფლებას თავისი თავი დაიცვას. რუსეთი ძალის გამოყენებით ისტორიის გადაწერას ცდილობს. ნატოს მთავარი ამოცანა ყველა მოკავშირის დაცვაა. არ უნდა ჰქონდეს ადგილი არასწორ გათვლებს ან გაუგებრობას. ერთზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველაზე თავდასხმა. ეს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიაა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.