დიმიტრი გუდკოვი პირველ რიგში არის კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
„2007 წელს დიმიტრი გუდკოვი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხვდებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტს და ხელს აწერდა რუსეთის მოქმედი ახალგაზრდული პარტიის სახელით ხელშეკრულებასა და მემორანდუმს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავდა აფხაზეთის შემდგომი აღიარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით. ეს ყველაფერი მე მგონი ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არის პირველ რიგში, კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.
2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.