“ეგ ფილმიც დაიწუნეს?… რა მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი…”

“ეგ ფილმიც დაიწუნეს?… რა მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი…”

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და ე.წ საზღვარს წევენ.

სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. რუსი სამხედროების ქმედებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ეგ ფილმიც დაიწუნეს და რამე მხატვრულს ითხოვენ თუ რატომ ავლებენ ახალ მავთულხლართებს? რა მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი”, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დასმული.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სამუშაოები დღეს დილიდან ისევ განაახლეს. სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის კვლავ გამოჩნდენ რუსი სამხედროები და ადგილზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ.