კინოს გადასაღებ პავილიონში მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ

კინოს გადასაღებ პავილიონში მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ

იურისტ ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, ნიკა მელიას საქმეზე, საქმის მთავარი ფიგურანტი, ნიკა მელია ეხმაურება.

მელია ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, დეპუტატებმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს პასუხი უნდა მოსთხოვონ, მათი შეცდომაში შეყვანის გამო.

„შემრცხვა მათ მაგივრად, მაშინაც მრცხვენოდა, როდესაც იქ ვიყავი, მათ ნაცვლად იმიტომ, რომ ჩანდა ხელშესახებად, რომ დიდ ნაწილს არ უნდოდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა. ახლა, რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური, იმიტომ, რომ ეს დეპუტატები ხომ კვლავ დეპუტატები არიან, ძვირფასო დეპუტატებო, ერთი წამით, რომ დაგიჯეროთ, რომ თქვენ შეცდომაში იყავით შეყვანილნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ან გენერალური პროკურორის, თადუმაძის მიერ, ერთნი არიან მაინც, ახლა მაინც, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხომ უნდა გამოხვიდეთ და პასუხი მოსთხოვოთ, როგორც მინიმუმ, გენერალურ პროკურორს, რომ რა გამიკეთე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე, რატომ მაკადრე. ეს ქვეყანა მართლაც კინოს გადასაღები პავილიონი არ არის და ამ კინოს გადასაღებ პავილიონში თქვენ მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ და თქვენი სახელი და გვარები ისტორიას დარჩება და მე უფრო გგულშემატკივრობთ, მგონი თქვენ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს. ღირსება დაიცავით, თორემ ნიკა მელია რომ არ გაინტერესებთ, გასაგებია

ბიძინა ივანიშვილმა ხელი დაურტყა მაგიდაზე წინა დღეს და თქვა, რომ მელია უნდა წავიდეს ციხეში და ამისთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნას და შემოვიდნენ პროკურორები, დახვდათ 93 დეპუტატი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. არავის არაფერი წაუკითხავს" - განაცხადა ნიკა მელიამ კურიერთან.

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი იმ პრეცედენტზე დაყრდნობით მოუხსნეს, რომელიც საერთო არ არსებობს- განცხადებას ამის შესახებ იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა. როგორც ის ამბობს, მან დეტალურად გაშიფრა პროკურატურის მიერ პარლამენტში ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის მიზნით წარდგენილი 4 ქეისი და აღმოჩნდა, რომ ერთი საქმე საერთოდ არ არსებობს, დანარჩენ სამი კი განსხვავებულია მელიას საქმისგან

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

მელიას ბრალი 20-21 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს და სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.