საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდ წარმატებად წინა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას მიიჩნევს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა ამ ხელისუფლების უპატიებელ შეცდომაზე და აღნიშნა, რომ ასეთი შეცდომა „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის ღამეს დაუშვა.
„ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა, აღმაფრთოვანებელი და რომანტიკული იმედების მომცემი, არის ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით, ის, როგორც მაშინ ეს გაკეთდა, რანაირადაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ერთმნიშვნელოვნად ის ლიდერი იყო, ეს იყო მართლა შთამბეჭდავი. სააკაშვილი რომ წავიდა სისხლისღვრის გარეშე, მისი წვლილიც არის ამაში, მაგრამ სააკაშვილის დამსახურება არ არის, რომ ჩვენ მოვიგეთ. მოვიგეთ, იმიტომ რომ ხალხს ჯეროდა ჩვენი და ყელში ჰქონდა ამოსული ის, ძალიან სჯეროდა ხალხს ბიძინასი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ის ხელისუფლების უპატიებელ შეცდომას 20 ივნისის ღამეს მიიჩნევს.
„მე მგონი, აი, ეს ღამე, 20-21 ივნისის ღამე, ჩემთვის არ იყო გასაოცარი, რადგან „ქართული ოცნების“ შიდა სამზარეულო დიდი ხანია ნანახი მაქვს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.