„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „2020 NEWS“-თან ამბობს, რომ „აწარმოე საქართველოდან“ 1.1 მილიონი ლარი მისმა ოჯახმა კი არა, ქარხანამ მიიღო. მიღებული თანხა კი ათმაგად დაუბრუნდება ქვეყნის ბიუჯეტს.
„ჩემს ოჯახს ხომ არ მიუღია, ეს მიიღო ქარხანამ. რა შუაშია ჩემი ოჯახი?! დაეხმარა ეკონომიკას. რა მნიშვნელობა აქვს საჯარო რეესტრში ვის მფლობელობაშია? ეს სცდება ჩემს და შენს -ს, ეს უკვე ქვეყნის სიმდიდრეა, როცა რაღაცას ადგილზე აწარმოებ. თქვენ ასე უნდა შეაფასოთ - სახელმწიფომ ჩადო ეკონომიკის განვითარებაში. ახლა წარმოიდგინეთ, ეს თანხა რომ ჩაიდო, სამაგიეროდ გასწრაფდა ინვესტიცია. არ ჩაიდებოდა, არ იქნებოდა ინვესტიცია. რაღაც საწარმოო ხაზები შეიძლება 2-3 წლის შემდეგ შეეძინა. ეს ქარხანა ყოველწლიურად 30-დან 40 მილიონ ლარამდე უბრუნებს ბიუჯეტს, არ უნდა მიეხმარო? მილიონი კი არა, 5 მილიონი უნდა მისცე თუ სჭირდება. მერე ის 80 მილიონს დაგიბრუნებს ბიუჯეტში. ასეა სახელმწიფოებრივი მიდგომა, თორემ აგერ რამდენი უსაქმურია, რამდენი ქარხანაა საქართველოში, თითებზე ჩამოითვალეთ“, - განუცხადა კახა ოქრიაშვილმა სააგენტოს.
- საზოგადოებაში ჩნდება ასეთი მოსაზრება, როდესაც ამდენი ბიზნესის და შემოსავლის მფლობელი ხართ, რამდენად მიზანშეწონილია თქვენი ოჯახის ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან დახმარების მიღება...
- საზოგადოებაში იმდენი ბოროტი და დედააფეთქებულია. მე საერთოდ არ ვარ წარმატებული ბიზნესმენი, მე ვარ პოლიტიკოსი. ბიზნესმენი საერთოდ აღარ ვარ. ეს თანხები განა ამ საწარმოებმა მიიღეს, ბანკებმა მიიღეს, პროცენტი დააფინანსეს. ეს ძალიან კარგია, ცუდი კი არ არის, თუ ხელს შეუწყობენ, 10-ჯერ მეტი უბრუნდება ქვეყანას, ხალხს.
ცნობისთვის, თავისუფლების მონიტორის" ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ცოლის კომპანიამ GMP "აწარმოე საქართველოდან" 1,1 მლნ ლარით დაფინანსდა. საუბარია ამ თანხის PSP ჯგუფში შემავალი კომპანიის, ჯი ემ პისთვის სესხის სახით გაცემაზე. კომპანიის ერთადერთი მფლობელი ლინა თოფურიაა.