თურქეთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშიფრული აპლიკაციის გამოყენების გამო დააკავა
მთავარი

თურქეთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშიფრული აპლიკაციის გამოყენების გამო დააკავა

თურქეთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშიფრული აპლიკაციის გამოყენების გამო დააკავა
for.ge

2017-09-14 13:57:19

დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ ძირითადად, აპლიკაცია  ByLock-ის ჩამოტვირთვისთვის 75 000 ადამიანი უკანონოდ დააკვა.

ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ათი ათასობით მოქალაქე იმ საბაბით დააკავა და სამსახურებიდან გაათავისუფლა, რომ მათ ჩამოტვირთეს დაშიფრული სამესიჯო აპლიკაცია.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 75 000 მოქალაქის დაკავება აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვის საბაბით თვითნებური და უკანონოა.

თურქეთის ხელისუფლების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რეპრესიების იმ სერიათა გაგრძელებას, რომლებიც მან გასული წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წამოიწყო.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულებს კავშირი აქვთ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულლაჰ გიულენის მოძრაობასთან, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც თურქეთის ხელისუფლება  სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თავად გიულენი კი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახით მის ჩარევას გადატრიალების მცდელობაში.

საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ევროპაში დაფუძნებულმა გიულენის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ. საქმეში ჩართული იყო ორი გამოცდილი ბრიტანელი იურისტი - უილიამ ქლეგი და საიმონ ბეიქერი.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში, მოცემულია გიულენის მომხრეთა მიმართ წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებული ცნობები და აპლიკაცია ByLock-თან დაკავშირებით თურქეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვცენციით გათვალისწინებული პუნქტები, რომელზეც თურქეთსაც კი აქვს ხელი მოწერილი.  

ბრიტანელი ადვოკატების მტკიცებით “არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ეჭვმიტანილები, რომლებიც იყენებდნენ აპლიკაცია ByLock-ს, მიეკუთვნებიან გიულენის მოძრაობას ან მისი მხარდამჭერები არიან“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ “აღნიშნულ აპლიკაციას ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ნაწილს არანაირი კავშირი არ გააჩნია თურქეთთან“.

 ანგარიშში ნათქვამია, რომ ზემოთაღნიშნული საბაბით ადამიანების დაკავება “თვითნებურია და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს“, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების თავისუფლების უფლებას.

ასევე აღნიშნულია, რომ აპლიკაცია ByLock ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის მსოფლიოს 41 ქვეყანაში და იგი შედის ყველაზე ინტენსიურად გამოყენებადი აპლიკაციების პირველ 500-სეულში. შესაბამისად ის, რომ ეჭვმიტანილები იყენებდნენ აღნიშნულ აპლიკაციას, ვერანაირად ვერ იქნება მათი დაკავების ლეგალური საფუძველი.   

სხვა ანგარიშში ინფორმაციულ ტექნოლოგიათა ბრიტანელმა ექსპერტმა თომას მურმა აღნიშნა, რომ აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ Apple’s App Store და Google Play-ის მეშვეობით.

“2014-2016 წლებში აპლიკაცია ჩამოტვირთეს 600,000-ჯერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა მურმა. “აქედან გამომდინარე აბსურდულად ჩანს ის ფაქტი, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აეკრძალა აღნიშნული აპლიკაციისადმი ხელმისაწვდომობა“.

მური ასევე ყურადღებას ამახვილებს თურქეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე, რომელმაც მოიპოვა წვდომა ByLock-ის კომუნიკაციებზე. “ანგარიშში არანაირი მინიშნება არაა იმის თაობაზე, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვები ლიმიტირებული იყო კონკრეტული ტერიტორიისა თუ იურისდიქციის ფარგლებში“.  

ექსპერტის თქმით, გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ სხვა ისეთ დაშიფრულ აპლიკაციებს,  როგორიცაა მაგალითად Telegram.

“არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ აპლიკაცია Telegram-ს იყენებდნენ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, თუმცა, დღემდე არ ყოფილა ასეთი მომხმარებლების მიმართ მიღებული არანაირი სამართლებრივი ზომა“ - აცხადებს თომას მური.

ჯერჯერობით თურქეთში წარმოებული არცერთი საქმე არ მისულა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე, თუმცა, მათი ნაწილის განხილვა საბოლოოდ მოხდება სტრასბურგში.

დაკავებულთა შორის არიან ადვოკატები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, სამხედროები, ჟურნალისტები და მწერლები.

ივნისში, თურქეთის Amnesty International-ის ფილიალის დირექტორს თანერ ქილიჩს ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაზე და დააპატიმრეს.

ორგანიზაცია Amnesty International-მა თანერ ქილიჩის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: “თურქეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ერთადერთი მკიცებულება თანერ ქილიჩის დაკავებისას ის იყო, რომ მას 2014 წლის აგვისტოში ტელეფონში აღმოუჩინეს  აპლიკაცია Bylock, რომელსაც, ოფიციალური ანკარის მიხედვით “ ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევართა ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყენებდნენ“. 

“აღნიშნული ბრალდების დასასაბუთებლად არანაირი მყარი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. თავად თანერ ქილიჩი უარყოფს აპლიკაცია Bylock-ის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას. მეტიც, მისი თქმით მან საერთოდ არაფერი იცოდა აღნიშნული აპლიკაციის შესახებ და მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც დაიწყეს მისი მომხმარებლების დაკავებები თურქეთში“.

საკითხთან დაკავშირებით თურქეთის საელჩომ ლონდონში არანაირი კომენტარი არ გააკეთა.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2017/sep/11/turks-detained-encrypted-bylock-messaging-app-human-rights-breached

 
უცნობი მჟავას შესხმის შედეგად, ლონდონში ექვსი ადამიანი დაშავდა

უცნობი მჟავას შესხმის შედეგად, ლონდონში ექვსი ადამიანი დაშავდა

 ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მრავალი კრიტიკული შენიშვნა აქვს გამოთქმული

ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მრავალი კრიტიკული შენიშვნა აქვს გამოთქმული

ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

დავით უთმელიძე დელისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

დავით უთმელიძე დელისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაპირისპირება საბავშვო ბაღის ბავშვების ჩხუბს ჰგავს, რომლებსაც ვერავინ აჩერებს

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის დაპირისპირება საბავშვო ბაღის ბავშვების ჩხუბს ჰგავს, რომლებსაც ვერავინ აჩერებს

კრიტიკას ვერ მივიღებთ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

კრიტიკას ვერ მივიღებთ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში

კახა კალაძე: „ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს“

კახა კალაძე: „ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს“

სარეკლამო ბანერი
1000 X 80