ევროკავშირის შექმნის სათავეებთან ქართველებიც იდგნენ

ევროკავშირის შექმნის სათავეებთან ქართველებიც იდგნენ

ეს წერილი სპეციალურად იწერება ქართველ დიპლომატებისთვის, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებისთვის, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ელჩებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის შექმნის სათავეებთან ქართველებიც იდგნენ.

დღეს, როცა ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ გვამადლის ვიზალიბერალიზაციის მოცემას (რაც შარშან გაიმეტეს ნაურუსთვის და სხვა ჩამორჩენილი რამდენიმე ქვეყნისთვის) და ამასაც გვიფერხებენ, შინაურმაც და გარეულმაც კარგად უნდა იცოდეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტი.

პირველი ის, რომ ცნობილმა ქართველმა ემიგრანტებმა ჯერ კიდევ 1953 წლის 10 აგვისტოს (ანუ ჯერ კიდევ 63 წლის წინ) ოფიციალურად დაარსეს „ევროპული ქართული მოძრაობა“ (საპატიო თავმჯდომარე პროფესორი მიხაკო წერეთელი), რომლის სულისჩამდგმელი იყო პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი.

მეორე ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე ევროინტეგრაციის იდეის ჩამოყალიბებში და განხორციელებაში ჟან მონესა და რობერტ შუმანთან ერთად საპატიო ადგილი უკავია ორ ქართველ ემიგრანტ-მკვლევარს, პროფესორებს მიხეილ მუსხელიშვილსა (1903-1964) და ალექსანდრე ნიკურაძეს (1901-1981).

პროფესორმა ილია ტაბაღუამ მიხეილ მუსხელიშვილს (ევროპაში მას იცნობდნენ როგორც მიხეილ მუსხელს) „ერთიანი ევროპის“ სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი უწოდა. მიხეილი დაიბადა 1903 წელს თბილისში ცნობილი თვალის ექიმის ვახტანგ მუსხელიშვილის ოჯახში, თავის 3 ძმასთან (ლევანი, გიორგი, სოლომონი) დაამთავრალევანტიევსკის გიმნაზია და ოთხივე საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდნენ.

1932-1933 წლებში იგი უკვე ლექციებს კითხულობდა პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში. 1935-1948 წლებში მიხეილი მუშაობდა ქაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და ქაიროს უნივერსიტეტის პროფესორად. ამის შემდეგ იგი კვლავ ბრუნდება საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში და 1948-1964 წლებში, სიცოცხლის ბოლომდე იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი.

მიხეილ მუსხელიშვილი ევროპაში ეწეოდა ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1948 წელს იგი გახდა საუნივერსიტეტთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ-დამაარსებელი, ხოლო 1954 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დამაარსებელი და გენერალური მდივანი.

ევროპის ამჟამინდელი პოლიტიკურ ცენტრში - სტრასბურგში მიხეილმა შექმნა ძალიან ავტორიტეტული სამეცნიერო დაწესებულება „მუსხელის ცენტრი“, რომელიც იკვლევდა ევროინტეგრაციის საკითხებს, სწავლობდა საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო სამართლის კუთხით. ამ ცენტრში მან დაარსა საერთაშორისო სამეცნიერო კრებული, რომელშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მეცნიერები ჟორჟ კედელი, რობბერმოსსე, გუი ერო, ანრი შამბრი და სხვები. პროფესორმა მიხეილ მუსხელიშვილმა გარდაცვალებამდე მოასწრო ამ ცენტრის კრებულის 2 დიდი ტომის მომზადება და გამოცემა, რომლებსაც უძღვის მისი ვრცელი წინასიტყვაობა. ორივე ტომმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა სამყაროში, ასევე პრესაში(„ფიგარო“, 2.03.1965) მიხეილ მუსხელიშვილის სტატიები იბეჭდებოდა ცნობილ ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მისი სტატიები ქვეყნდებოდა ასევე პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალში „ბედი ქართლისა“ (მაგ. „საქართველო და ევროპა“, N15 1953, გვ. 1-3 „ერთა თვითგამორკვევის უფლებისათვის“, N18, 1954, გვ.15-16 (საინტერესოა, რომ მან ფრანგულ ჟურნალში „მონდ ნუვო“, N89-90 , 1955, დაიბეჭდა სტატია სათაურით „საბჭოთა კავშირი და ევროპა“, სადაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ არის ევროპა).

სახელმოხვეჭილ ქართველ მეცნიერს ლექციების წასაკითხად ხშირად იწვევდნენ აშშ-ში, ნორვეგიაში, იტალიაში. ჟურნალ „ბედი ქართლისა“-ს N17-ში ვკითხულობთ, რომ მიხეილ მუსხელიშვილმა 1954 წელს მოხსენება წაიკითხა ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში: უნივერსიტეტში, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში, რელიგიურ საზოგადოებებში. მის ლექციებს ყველგან დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ვაშინგტონში მის მოხსენებაზე მთელი დიპლომატიურ წარმომადგენლობათა წევრები მივიდნენ. ამერიკიდან დაბრუნებისთანავე პროფესორი მუსხელიშვილი სკანდინავიაში გაემგზავრა ოსლოსა და უპსალას უნივერსიტეტების მიწვევით, სადაც მოხსენება წაიკითხა ევროპის ცივილიზაციის კრიზისზე და ევროპის კულტურის გაცოცხლების აუცილებლობაზე.

მიხეილ მუსხელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის შემდგომი ევროპის გაერთიანების, მისი ფედერაციის იდეა წამოაყენა და დაიცვა (რომელმაც დღეისათვის ევროკავშირის სახე მიიღო). მისი აზრით, ევროპული ფედერალიზმი - ეს არის არა მარტო სასიცოცხლო აუცილებლობა ევროპელი ერებისათვის, არამედ მშვიდობის განმტკიცებისა და ევროპაში საერთო აყვავების, ადამიანთა თავისუფლებისა და ღირსების დაცვის გარანტია (იხ.: მისი ნაშრომი „ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა“).

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპის კონგრესის, ერთიანი ევროპის შექმნის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და პირველი პრეზიდენტი „ფედერალური ევროპის მოძრაობის“ კომიტეტის წევრი, ევროპის ერთიანობის საერთაშორისო ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი. იგი აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთში „ერთიანი ევროპის“ წარმომადგენელთა არჩევნებში, იყო ჟურნალ „ევროპის ფორმირება“ რედაქციის კომიტეტის წევრი. 1953 წლის 10 აგვისტოს ოფიციალურად დაარსდა “ევროპული ქართული მოძრაობა“ (საპატიო თავმჯდომარე პროფესორი მიხალო წერეთელი), რომლის სულისჩამდგმელი ასევე მიხეილ მუსხელიშვილი იყო.

მკვლევარი არ კმაყოფილდებოდა წმინდა იურიდიული მეცნიერებით და აქტიურად ჩაერთო ცოცხალ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, იყო ადამიანისა და ერის უფლებების მგზნებარე დამცველი, საქართველოს ქომაგი. ასეთი დიდი ენერგიისა და გაქანების კაცს გაგიჟებით იტაცებდა ალპინისტობა, რომლის მსხვერპლიც შეიქმნა ბოლოს. 1964 წელს იტალიაში, აოსტას ხეობაში იგი კლდიდან ჩამოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა (5 წლის მერე იტალიაში იგივე ბედი ეწია ლეგენდარულ მთასვლელს, 37 წლის მიხეილ ხერგიანს). მის დაკრძალვას მთელი სტრასბურგის უნივერსიტეტი დაესწრო. სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა ა. ვიელმა, დეკანმა რაუერმა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლ მოდინმა. დიდი მეცნიერი დაკრძალულია სტრასბურგის სასაფლაოზე და დღემდე უყურადღებოდაა მიტოვებული თანამემამულეებისაგან.

სტატიაში „საქართველო და ევროპა“, 1953 წელს მიხეილ მუსხელიშვილი წერს, რომ საჭიროა დღესვე ვიფიქროთ იმ ადგილზე, რომელსაც თავისუფალი საქართველო დაიკავებს ხვალინდელ მსოფლიოში... მეორე მსოფლიო ომმა საბოლოოდ დაასრულა ეროვნულ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ეპოქა (ამას მივუმატოთ დღევანდელი გლობალიზაციის მიერ შექმნილი პრობლემებიც - ვ. შ.) მეცნიერებისა და ტექნიკის მიერ მოხდენილმა გრანდიოზულმა პროგრესმა შექმნა ისეთი ვითარება, რომელშიც მხოლოდ დიდი პოლიტიკურ გაერთიანებებს შეუძლიათ არსებობა... რუსეთის უზარმაზარი იმპერიის შექმნის შემდეგ საქართველოს ჰყავს საშიში მეზობელი, რომლისთვისაც საქართველო ყოველთვის მაცდუნებელი ნადავლი იქნება. როგორ შეუძლია მას გარანტირებული იყოს რუსეთის იმპერიალიზმის საშიშროებისაგან? ამის შემდეგ ქართველი ხალხი იძულებული არჩევანის წინაშეა: ან იგი იძულებული იქნება რუსეთს შეუერთდეს, ან კიდევ კავშირები ეძებოს. სიმართლე რომ ვთქვა, მას არა აქვს არჩევანი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველო ახლოსაა ევროპასთან და უცხოა რუსეთისათვის. შეგნებული აქვს რა ეს ფაქტი, საქართველო არასოდეს არ დათანხმდება რუსეთთან შეერთებაზე.

საქართველო, რუსეთისაგან განსხვავებით ევროპულია. ცნობილი არქეოლოგების აზრით, სწორედ აქ იწყება ევროპა. „სინამდვილეში - ეს საქართველოდანაა, გვეუბნება ბატონი ვარანიაკი, - რომ დაიძრა ემიგრაციის პირველი ტალღა ევროპისაკენ. მოგვიანებით მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა საქართველოს და საბერძნეთს შორის პომპეუსმა საქართველოში რომი შემოიყვანა და უკვე I საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა შემოიჭრა, რომელმაც III საუკუნის დასაწყისიდან მთელი საქართველო მოიცვა. ამრიგად, დასავლეთის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე საქართველო მასში მონაწილეობდა. და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მზერა ყოველთვის მიმართული იყო დასავლეთისაკენ, სანამ იგი რუსეთში არ დაიპყრო.

იყო პერიოდი, როცა ქართველებმა შეიგნეს, რომ ისინი ევროპას მიეკუთვნებიან.

ევროპა ახლა აკეთებს ამ დასკვნას. ასევე აუცილებელია, რომ ქართველებმა დაამტკიცონ თავიანთი არსებობა ევროპაში და მიაღებინონ საქართველო ევროპულ ოჯახში... მხოლოდ ევროპის თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ შესძლებს ქართველი ერი დაიცვას თავისი ინდივიდუალობა, თავისი კულტურა და თავისი ტრადიციები და თავი დააღწიოს გიგანტურ რუსულ-აზიურ იმპერიაში შთანთქმის საშიშროებას“.

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის, ქართულ-ევროპული8 პარალელების ძიების და „ევროპოლოგიის“, როგორც სამეცნიერო ინტერ-დისციპლინარული დარგის, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოჩენილმა ქართველმა ემიგრანტმა-მეცნიერმა, პროფესორმა ალექსანდრე ნიკურაძემ.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ნიკურაძე თავის უფროს ძმასთან, ივანესთან (შემდეგში გერმანიაში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილი ჰიდრავლიკოსი, თეორიული მექანიკის პროფესორი) ერთად ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალე ნიჭიერი ძმები ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით სასწავლებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც მათ დიდი სახელი მოიხვეჭეს.

1930 წლიდან ალექსანდრე ნიკურაძე მუშაობდა მიუნჰენისა და ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში. 1934 წელს ბერლინში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მონოგრაფია “თხევადი დიელექტრიკები“, რომლის რუსული თარგმანი 1936 წელს გამოიცა მოსკოვში (მანამდე ასეთი წიგნი რუსებს არ ჰქონდათ).

თავისი ძირითადი სპეციალობის გარდა (მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკაში და ენერგეტიკაში, ბოლოს განაგებდა საკუთარ ინსტიტუტს მიუნჰენში ამ სფეროში). ალექსანდრე ნიკურაძე გატაცებული იყო პოლიტიკით და ჰუმანიტარული მეცნიერების დარგებით, კერძოდ, გეოპოლიტიკით, ისტორიით, არქეოლოგიით, ლიტერატურით და ა. შ.

სამშობლოს მძიმე მდგომარეობით ღრმად შეწუხებულმა ალექსანდრემ გადაწყვიტა თანამშრომლობა დაეწყო გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან, რათა გერმანიის დახმარებით აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. მას ახლო კავშირი ჰქონდა ალფრედ როზენბერგთან, რომლის შეხედულებები კავკასიის მოვლენების მიმართ ემყარებოდა ალექსანდრე ნიკურაძის გავლენას. როზენბერგი ლობირებდა დამოუკიდებელ საქართველოს და ანტისაბჭოთა შეხედულებებით გამსჭვალულ ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტებს გერმანიის მხარდაჭერას ჰპირდებოდა. ცნობილი გეოპოლიტიკოსის კარლ ჰაუსჰოფერის „ფართო სივრცეების“ თეორიის გავლენის ქვეშ მყოფი ნიკურაძე მუშაობდა ჩანაფიქრზე, რომელიც მიზნად ისახავდა, ქართველებს წამყვანი როლი ეთამაშათ ერთიან კავკასიურ კონფედერაციაში. როზენბერგმა ალექსანდრე ნიკურაძეს კონტინენტალური ევროპის კვლევის ინსტიტუტი შეუქმნა, სადაც ამ თემის კვლევას აწარმოებდნენჰაუსფოფერის თეორიის ჭრილში (ამ ინსტიტუტში მუშაობდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც 1944 წელს გარდაიცვალა).

ალექსანდრე ნიკურაძე ფსევდონიმი „ა. ზანდერსი“ რამდენიმე გეოპოლიტიკური შინაარსის წიგნის ავტორია, მათ შორისაა „კავკასია“ (გამოიცა სამჯერ - 1938, 1942, 1944, მიუნჰენში), რომელშიც ის წარმოაჩენს საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისათვის. მისი აზრით, საქართველოს, როგორც ცენტრალურსა და პოლიტიკურად ყველაზე უნარიან ქვეყანას კავკასიაში, იგივე როლო ენიჭებოდა, როგორც გერმანიას - ევროპაში. სწორედ ნიკურაძის გავლენას უნდა მივაწეროთ როზენბერგის პროქართული შეხედულებები - იგი ჯერ კიდევ 1927 წელს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას კავკასიის რუსეთისაგან გამოყოფას, ხოლო 1941 წლის აპრილშიწერდა, რომ „კავკასიისხალხებსშორისქართველებიისტორიულადუთუოდწამყვანებიიყვნენდაამიტომქართველები, შეიძლებაითქვას, მასპინძელიხალხიუნდაგახდეს კავკასიური სახელმწიფოების კონფედერაციისა, რომლებმაც შესაძლებელია გერმანიას სთხოვონ მათი კულტურული და ეროვნული არსებობის დაცვა“.

1943 წელს გამოვიდა ალექსანდრე ნიკურაძის წიგნი „გადაწყვეტილებათა მიღების ჟამი“, შემდეგ კი მისი ნაშრომები „ევროპის ფორმირებისათვის“, დიდი ბრიტანეთის მემკვიდრეობის შესახებ“, „აღმოსავლეთ ევროპა“, „ოცნებითგან ვიდრე საქმემდე“ და სხვა. ყველა ზემოჩამოთვლილი წიგნი ეძღვნება კონტინენტალური ევროპის კვლევას, მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს და არის გეოპოლიტიკური შინაარსის. მისი ნაშრომი „აღმოსავლეთ ევროპა“ არის ორნაწილიანი. პირველი ნაწილი მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან მონღოლთა გამოჩენამდე. სწორედ ამ ნაწილშია შესული საკითხები კავკასიის შესახებ. რომელიც გადმოტანილია მისი წიგნიდან „კავკასია“ (კავკასიაში კონცეპტუალურად პირველად კავკასია წარმოდგენილია ერთიან გეოგრაფიულ, ისტორიულ და პოლიტიკურ ერთეულად). ალექსანდრე ნიკურაძის თანამოაზრე იყო მისი ძმა ივანე (იოჰან) ნიკურაძე - მსოფლიოში აღიარებული ჰიდრავლიკოსი. იგი იმავდროულად მუშაობდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ატომური ბომბის აეროდინამიკაზე. მან თავისი კვალი სამოქალაქო ინდუსტრიაშიც დატოვა, რადგან ივანე ნიკურაძის მოდელი პორშეს ფირმამ მიიღო, ასევე ცნობილი მოდელი 911 მისი ნახაზებითაა გაკეთებული. 70-იან წლებში ევროპაში ცალლიანდაგიანი მატარებელი გამოვიდა, რომლის აეროდინამიკური თვალსაზრისი ივანე ნიკურაძის შემუშავებული გახლდათ. სავარაუდოა, ძმები ნიკურაძეების ღვაწლი ექვთიმე თაყაიშვილისადმი მინდობილი საქართველოს ეროვნული განძის გადარჩენის საქმეშიც. ექვთიმე იხსენებდა გერმანელი ოფიცრის ფორმაში გადაცმულ ორ ქართველს, რომლებიც პარიზში გერმანელი ფაშისტების შესვლისთანავე გამოეცხადდნენ და მას განძის დამალვაში მიეხმარნენ(დავით პაიჭაძე).

ალექსანდრე ნიკურაძის წიგნში „ოცნებიდგან ვიდრე საქმემდე“ (1951) მოცემულია ნათელი დებულებანი ევროინტეგრაციის იდეისათვის და ევროპის მომავლისათვის, ასევე საქართველოს ისტორიისათვის. 1951 წლის სექტემბერში მან პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება „ზოგადი სურათები ქართულ-ევროპული წარსულიდან“, სადაც გამოთქმული იყო ორიგინალური იდეები.

1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. კომპიენთან ალექსანდრე ნიკურაძის ინიციატივით „ლა ბრევიერის“ სასახლეში შედგა ევროპელ მეცნიერთა კონგრესი, რომელსაც დაესწრნენ მეცნიერები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეციიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონგრესის საგანი იყო ევროპული საკითხების მეცნიერული კვლევა-ძიება. სხვა წინადადებათა შორის კონგრე3სმა მიიღო პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძის აზრი ცნება „ევროპოლოგიის“ შემოღების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ევროპულ სხვადასხვა მეცნიერული დარგების თავმოყრას და ერთ სასწავლებლად ჩამოყალიბებას (კონგრესის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილიც).

სახელგანთქმულ მეცნიერს ალექსანდრე ნიკურაძეს ლექციების წასაკითხად იწვევდნენ პარიზის, ვაშინგტონის, ბერლინისა და მიუნჰენის უნივერსიტეტებში, ოქსფორდში გამართულ მეცნიერთა მსოფლიო კონგრესზე. 1956 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა მისი ნაშრომი „არგონავტების მითი“. მაღალი დონით გამოირჩევა მისი ნაშრომები: „ქართული არქიტექტურის საკითხისათვის შუა საუკუნეების ევროპულ აღმოსავლეთში“, „სკანდინავიელები და ქართველები პონტო-ბალტიის სანაპიროზე“, „დოქტორი ოტო ფონ ვეზენდოკი - როგორც ქართველოლოგი“. „დასავლეთ ევროპის რომანული არქიტექტურისა და ქართული არქიტექტურის პარალელების ახსნის სახით“, „სუმერთა პირვანდელი ადგილსამყოფელის საკითხისათვის (კავკასია შსაძლოაპირველსამშობლოასუმერთა ლითონის)“ და სხვა.

ამრიგად, შიძლება ითქვას, რომ ევროინტეგრაციისა და ევროპოლოგიის განვითარებაში შეტანილია ქართული წვლილიც, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.